„პირველი, ვერავინ ვერაფერს გააპროტესტებს და მეორე - ტურიზმი კი არა, საქართველო გადაიქცევა შავი ფულის ჰაბად“

„პირველი, ვერავინ ვერაფერს გააპროტესტებს და მეორე - ტურიზმი კი არა, საქართველო გადაიქცევა შავი ფულის ჰაბად“,- ამის შესახებ ტურიზმის ანალიტიკის სპეციალისტმა, ია თაბაგარმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა. საუბარია, მთავრობის მიერ მეორედ დაინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, რომელსაც საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, ე.წ ოფშორების კანონი მოჰყვა. ორივე პროექტის განხილვები ხმაურის, დაპირისპირებისა და საზოგადოების პროტესტის ფონზე წარიმართა. კონკრეტულად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს კი, ევროპარლამენტარებიც ნეგატიურად და ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევად აფასებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, გარდა იმისა, რომ ფიზიკურ პირებს 2021 წლის 1-ლ იანვრამდე არსებული დავალიანება ჩამოეწერებათ, ოფშორული ქვეყნებიდან ქონების საქართველოში გადმოტანაზე საგადასახადო შეღავათები წესდება. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ ამ კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა.

როგორც ია თაბაგარი აღნიშნავს, კანონი პირდაპირ შეეხება და უარყოფითად აისახება ქვეყანაში შემოყვანის ტურიზმის ბიზნესზე და ინვესტიციებზე. ასევე, სხვა უამრავ დეველოპერულ პროექტს, რომელიც დონორი ორგანიზაციების მიერ სწორედ უცხოეთიდან ფინანსდება, დიდი საფრთხე შეექმნება, მეტიც, საერთოდ დაიხურება დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციები.

„შემოყვანის და გაყვანის ტურიზმი, პირდაპირ და ირიბად, დაკავშირებული და დამოკიდებული გახდება აღნიშნულ კანონებზე, რაც ძალიან უარყოფით გავლენას მოახდენს მთლიანად ტურიზმის ინდუსტრიაზე.

ტურიზმი, მასპინძლობის ინდუსტრია, ასევე, უამრავი პროექტი ფინანსდება უცხოეთიდან და ვინც ამ პროექტებზე მუშაობს, ყველა დამეთანხმება, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ქონების სააგენტო, საჯარო რეესტრი, ყველაფერი არის გამჭვირვალე და აღრიცხული. ამიტომ, დამოკიდებულება, რომ თითქოს, ფული ისე იხარჯება, არავინ არაფერი იცის, მცდარია. ან რომ ამბობენ, გადასახადებს არ იხდიანო, ესეც არასწორია.

რეგულაციების მიხედვით, ბევრი პროექტი არის გათავისუფლებული დღგ-სგან, რადგან არ წარმოადგენს ბიზნესს. მაგრამ საშემოსავლოს იხდის აბსოლუტურად ყველა პროექტი და ორგანიზაცია და ამას გვერდს ვერავინ აუვლის. პირიქით, ასეთი პროექტები ბევრად უფრო გამჭვირვალეა გადასახადების კუთხით და შეიძლება, მთავრობისგან წამოსული პროექტებიც კი არ კონტროლდებოდეს ასე დეტალურად ფინანსური კუთხით, როგორც დონორი ორგანიზაციების მიერ გადახდილი გადასახადები.

ევროკავშირის, USAID-ის მსოფლიო ბანკის და სხვა უცხოური პროექტები, ბევრად უფრო დეტალურ ანგარიშ-ვალდებულებებს მოითხოვენ. შესაბამისად, მთელი რგოლი, რომელიც ჩართულია პროცესში, ვალდებული და გამოცდილია, რომ ეს ანგარიში წარადგინოს. ეს არის საკითხის ერთი ნაწილი, ხოლო მეორე, ყველაზე დიდი საშიშროება, ეს არის ე.წ. ოფშრული კანონი. ორივე კანონი არის „ჯოჯოხეთური“ რადგან, პირველი კანონი, არ მოგვცემს საშუალებას რამე გავაპროტესტოთ და მეორე - საქართველო გადაიქცევა შავი ფულის ჰაბად. იმიტომ, რომ ერთ მხარეს დასანქცირებული რუსეთია და მათ სჭირდებათ გარკვეულწილად თავისუფალი ბიზნეს და ფინანსური სივრცეები სამოქმედოდ. საქართველო მათთვის მიმზიდველი „სამოთხეა“, იმ კუთხით, რომ შეეძლებათ აკეთონ ის, რაც მათ უნდათ და ხმასაც ვერ ამოიღებენ საქართველოს მოქალაქეები.

გარდა ამისა, განვითარებული სამყაროს ტურისტები: ევროპის, ჩრდ. ამერიკის ქვეყნები, იაპონია, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ა.შ. რომლებიც ითვლებიან მთელს მსოფლიოში ყველაზე მაღალ გადამხდელებად და შესაბამისად, მათი ტურისტები დაზღვეულები არიან მაღალ-ბიუჯეტიანი სადაზღვევო კომპანიების მიერ. ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, საქართველო მათ ვერ შეუქმნის კომფორტულ გარემოს და ვერ შესთავაზებს დაცულობის პირობებს. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ძალიან შავი სცენარია, მაგრამ რეალურად, მართლაც ასეა. ეს იქნება ჯაჭვური რეაქცია, რომელიც სრულიად შეცვლის საქართველოს ბიზნეს გარემოს.

და კიდევ ბევრი რამ არ გვაქვს გაანალიზებული. ასევე, იქნება კორუფცია კრედიტების, ინვესტიციების, ბანკების, საწვავის, ტრანსპორტის, საზღვრების კვეთის, ჯანდაცვის მიმართულებით... ეს ყველაფერი ისედაც კონტროლდება, მაგრამ ყველამ ხომ ვიცით, ეს კანონი იმისთვის არის „შემოგდებული“, რომ ხელისუფლება მიზნად ისახავს შექმნას ბერკეტი, რომლის დანერგვის შემთხვევაში საინვესტიციო სივრცე, ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრია გადავა ელიტარულ-კორუფციული კლანების ხელში. ამის მაგალითია ბელორუსი, თურქმენეთი, შუა აზიის და სხვა სახელმწიფოები.

საქართველოს ევროპულ მომავალზე და განვითარებაზე აღარ იქნება საუბარი. ჩვენ შარშან უკვე გვქონდა პრეცედენტი, როდესაც ევროპელებმა თქვეს, საქართველოში იმიტომ არ ჩავედით, რომ სანქცირებულ ადამიანებს და ბიზნესებს იფარავსო. ბოლო ერთ წელიწადში, როდესაც ტურიზმმა, ზოგადად კერძო სექტორმა მოახერხა (ცოტათი სახელმწიფოსთან ერთადაც), გამოვიდა სხვადასხვა გამოფენებზე, საქართველოსკენ „გამოახედა“ ევროპა და ახლა ისევ უკან ვდგამთ ნაბიჯებს, წარმოუდგენელია ჯანსაღ ტურისტულ ბიზნესზე ლაპარაკი. ჯერ კოვიდის პერიოდი იყო ტურიზმის ინდუსტრიისთვის საშინელება, შემდეგ ურთულესი პოსტ-კოვიდ პერიოდი.... წყლიდან ამოყოფს თავს ტურიზმის ინდუსტრია, რომ ჩაისუნთქოს, შემდეგ ისევ უწევს ჩავყვინთვა. სიცოცხლისუნარიანი ბიზნესების განვითარება შეუძლებელი გახდება აღნიშნული კანონების დანერგვით და უცხოელი დონორების მხრიდან დახმარების გარეშე.

მე მაინც ოპტიმისტურად მინდა შევხედო მოვლენების განვითარებას და იმედი მაქვს, რომ კანონის მიღება და შესაბამისად, პროცესების ასე განვითარება არ მოხდება“,- ამბობს ია თაბაგარი.

ნინი ქეთელაური