ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაიზრდება - როგორია მოლოდინები

მოდერნიზაციის შემდეგ, ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის გამტარუნარიანობა წელიწადში ხუთ მილიონ ტონამდე გაიზრდება - წერს აზერბაიჯანული მედია. რკინიგზის ხაზი, რომელიც 20 მაისს სრულად გაიხსნება, არამარტო გაზრდის ევრაზიის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ტრანსპორტირებული ტვირთის მოცულობას, არამედ გააძლიერებს რეგიონულ კავშირებს და წაახალისებს ვაჭრობას.

Azerbaijan Railways CJSC (ADY)-ს ინფორმაციით, მოდერნიზაციის შემდეგ, სატრანსპორტო სიმძლავრე ხუთჯერ მეტი იქნება, ვიდრე მოდერნიზაციამდე იყო. აღნიშნული მონაკვეთი, „შუა დერეფნის“, ახალი აბრეშუმის გზის ძირითადი კომპონენტია და მისი გაზრდილი გამტარუნარიანობა ცალსახად ზრდის ჩვენს სატრანსპორტო პოტენციალს. ზემოთხსენებული სამხრეთის მარშრუტი ევრაზიის ერთი მხრიდან მეორეზე ტვირთის გადატანის საშუალებას სულ რაღაც 12-16 დღეში იძლევა.

ADY-ის თავმჯდომარის როვშან რუსტამოვის თქმით, საქართველოს მონაკვეთი სარკინიგზო შესაძლებლობების გაფართოების მხრივ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე იდგა. გარკვეულ ლოკაციებზე საჭირო იყო სამუშაოების ზღვის დონიდან 2400 მეტრ სიმაღლეზე ჩატარება, მაგრამ ინტენსიური მოქმედებების შედეგად მიზანი მიღწეულ იქნა.

სარკინიგზო ხაზის გაყვანის გარდა, პროექტი ითვალისწინებდა 172-კილომეტრიანი, 10 კვტ სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზის დამონტაჟებას, 338-კილომეტრიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანასა და მარშრუტის მიმდებარე გზების მოწესრიგებას.

BTK-ის მნიშვნელობა მართლაც დიდია ჩინეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ევროპაში ტვირთების მცირე დროში მიწოდების საქმეში. აღნიშნული სარკინიგზო ხაზი, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენი რეგიონის პოზიციებს ტვირთის გადაზიდვის სფეროში არსებულ საერთაშორისო კონკურენციაში.

აზერბაიჯანის Trend News Agency-ის მონაცემების თანახმად, BTK-ის გავლით ტრანსპორტირებული საქონლის მთლიანი მოცულობა 2022 წლისთვის 432,284 ტონა იყო, რაც 30%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. ცნობისთვის, 2021 წელს გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 302 ათასი ტონა შეადგინა. ჯამურად 2017-2022 წლებში ამ ხაზზე ტვირთის გადაზიდვის საერთო მოცულობა 1 347 585 ტონაა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ იანვარ-მარტში ტრანსპორტირებული ტვირთის მოცულობამ „შუა დერეფნით“ 771 ათასი ტონა შეადგინა. 2023 წლის პირველ სამ თვეში ტვირთის მოცულობა მხოლოდ 171,162 ტონა იყო, რაც წლევანდელ მაჩვენებელზე დაახლოებით 78%-ით ნაკლებია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად კი, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს სარკინიგზო სავაჭრო ბრუნვა 256 მილიონ დოლარზე მეტი იყო. მართალია ეს მაჩვენებელი 24,2%-ით ჩამორჩება 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს (338,297 მლნ დოლარი), მაგრამ თუ ამას არ ჩავთვლით, ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია, რაც საქართველოს სარკინიგზო სისტემის პოტენციალზე აშკარად მეტყველებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი BTK-ს გამტარუნარიანობის ზრდა?

ვინაიდან რუსეთის წინააღმდეგ კვლავ ნარჩუნდება სანქციები, ეს გავლენას ახდენს ოკუპანტი ქვეყნის სხვა ქვეყნებთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ცენტრალური აზიის ქვეყნები და ჩინეთი აქტიურად ეძებენ ახალ მარშრუტებს, რომელიც გვერდს აუვლის რუსეთს და ევროპაში ექსპორტის დროს შეამცირებს. სწორედ შუა დერეფანი გახდა ჩრდილოეთის დერეფნის ალტერნატივა ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად. თუ ტვირთის სუეცის არხით გადაზიდვას 40-60 დღე სჭირდება, ჩრდილოეთის კორიდორით ჩინეთიდან ევროპამდე ტვირთი 30 დღეში ჩადის, ხოლო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ტრანსპორტირების დროს, როგორც უკვე აღინიშნა, 15 დღემდე ამცირებს. ამ მონაკვეთის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო იზრდება, რაზეც მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 2023 წელს ყაზახური ნავთობპროდუქტები შუა დერეფნით ისტორიაში პირველად იქნა გადატანილი.

გაუმჯობესებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა კი ხელს შეუწყობს სავაჭრო და ეკონომიკური აქტივობების სტიმულირებას ამ დერეფანთან დაკავშირებულ ქვეყნებში.

შემცირებული ტრანსპორტირების დრო არის სტიმული ბიზნესებისთვის, გამოიყენონ აღნიშნული მარშრუტი და შეამცირონ სატრანსპორტო ხარჯები. შედეგად მათი საქონელი უფრო კონკურენტუნარიანი გახდება საექსპორტო ბაზარზე და ტვირთის მოცულობაც დერეფნის გასწვრივ კიდევ უფრო გაიზრდება. ბიზნესების მხრიდან მსგავს ინტერესი ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და რეგიონის განვითარებას.

BTK რკინიგზა უზრუნველყოფს ალტერნატიულ მარშრუტს ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ თავიანთი სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაციას და არსებულ მარშრუტებზე დამოკიდებულების შემცირებას (განსაკუთრებით ეს ეხება რუსეთში გამავალს). ეს დივერსიფიკაცია აძლიერებს მდგრადობას სავაჭრო ლოჯისტიკაში და ამცირებს გეოპოლიტიკური დაძაბულობის ან ბუნებრივი კატასტროფების გამო შეფერხებების რისკს ტრადიციულ მარშრუტებზე.

ამასთან ერთად, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ქმნის დასაქმების შესაძლებლობებს, ასტიმულირებს ადგილობრივ ეკონომიკას და აძლიერებს კავშირს საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის.

შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 2017 წლის 30 ოქტომბერს ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში გაყვანილ იქნა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის ახალი ხაზი, სიგრძით 98 კილომეტრი. აქედან 68 კილომეტრი გადის თურქეთის ტერიტორიაზე, ხოლო 30 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე. სამუშაოები ასევე მოიცავდა საქართველოს ახალქალაქი-თბილისის რკინიგზის 183 კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქციას. პროექტი საქართველოში აზერბაიჯანულმა მხარემ დააფინანსა, რომელმაც ორი შეღავათიანი სესხი გამოყო 775 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საერთო სიგრძე 827 კილომეტრია.

ავტორი: თორნიკე მაისაშვილი