„სამუშაო ადგილები მკვეთრად შემცირდება“ - ახალი კანონი და საფრთხეები ტურიზმისთვის

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თუ არ გაიწვიეს ეს პირდაპირ თუ ირიბად აისახება სრულიად მასპინძლობის/ტურიზმის ბიზნესზე. ამის შესახებ ტურიზმის ანალიტიკის სპეციალისტმა ია თაბაგარმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„ძალიან მოკლედ ჩამოვთვლი როგორ შეიძლება აისახოს და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ კანონის მიღებამ ტურიზმის სექტორზე.

პირველი ეს იქნება დაუცველობის განცდა, რაც ნიშნავს რომ დასავლელი ტურ-ოპერატორები აღარ მოინდომებენ საქართველოს მიმართულებით მუშაობას.

მეორე - დასანქცირებულ ქვეყანაში ევროპელებს ნამდვილად არ მოუნდებათ ჩამოსვლა.

შემდეგ არის გავლენა სამომავლო პროექტებსა თუ ინვესტიციებზე. ყველამ ვიცით, რომ ევროპელებს და ამერიკელებს უამრავი სემინარი, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი დაუფინანსებიათ და ჩაუტარებიათ საქართველოში და არავის ეგონოს რომ ეს ისევ ასე დარჩება და გაგრძელდება.

გარდა ამისა, სამუშაო ადგილები მკვეთრად შემცირდება. რამდენადაც ტურიზმი ყველაზე სწრაფად ქმნის სამუშაო ადგილებს, ასევე ძალიან მარტივად ხდება მათი ჩამოშლა, როდესაც ქვეყანაში რაღაც ხდება. სამუშაო ადგილების სწრაფად შემცირებას, მოყვება პროფესიონალი კადრების გადინება ქვეყნიდან.

ეს იქნება ჯაჭვური რეაქცია, რომელიც სრულიად შეცვლის საქართველოს ბიზნეს გარემოს. ამის არაერთი მაგალითი გვქონია. ქვეყანა ვერ გასწორდა წელში ისე, რომ 10 წლიანი კარგი გარემო ჰქონოდეს ბიზნესისთვის. ასეთი წლები არ გვქონია გადაბმით. მუდმივად რაღაც ხდება გარეთ თუ შიგნით და ალბათ ამიტომ არის რომ არცერთი ბიზნესი მდგრადი არ არის,“- განაცხადა თაბაგარმა.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მეორედ შებრუნებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო. დარჩენილია ბოლო მესამე მოსმენა, რომლის დაწყებასაც საპარლამენტო უმრავლესობა 13 მაისს გეგმავს.

ცნობისთვის ამ კანონპროექტის მირებას, პარლამენტი გასული წლის მარტშიც გეგმავდა, თუმცა მოსახლეობის საპროტესტო აქციების შემდეგ, 1-ლი მოსმენით მიღებული პროექტი „ქართულმა ოცნებამ“ უკან გაიწვია.