„გამორიცხული არ არის…“ - აზიის განვითარების ბანკი ვაზიანის აეროპორტის მშენებლობაში მონაწილეობაზე

„გამორიცხული არ არის, რომ აზიის განვითარების ბანკმა მიიღოს ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაში მონაწილეობა, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ დაგიდასტურებთ“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ADB-ის საქართველოს წარმომადგენლობაში განუცხადეს.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიმდინარე წლის 8 აპრილს განაცხადა, რომ ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება. დაისვა კითხვები იმასთან დაკავშირებითაც, თუ ვინ ააშენებს ვაზიანის აეროპორტს.

4 მაისს ირაკლი კობახიძემ ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო ხელს შეუწყობს აზიური ბიზნესებისა და ინვესტიციების განვითარებას რეგიონში. მანვე ყურადღება გაამახვილა ახალ აეროპორტზე, ანაკლიის პორტსა და სხვა პროექტებზე.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ხომ არ იქნება აზიის განვითარების ბანკი ვაზიანის აეროპორტის მშენებლობაში ჩართული. ამ კითხვით მივმართეთ აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს ევგენი ჟუკოვსა და ADB-ის წარმომადგენლობას საქართველოში.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში ევგენი ჟუკოვი აცხადებს, ADB-ის მშენებლობის პროცესში ჩართვისა და ინვესტიციის განხორციელების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

„ვმუშაობდით მთავრობასთან და მან განაცხადა, რომ უნდა შემუშავდეს გენერალური გეგმა. აზიის განვითარების ბანკი მოხარული იქნება, დაეხმაროს სახელმწიფოს. მშენებლობის ინვესტიციასთან დაკავშირებით საბოლოო პასუხი და გადაწყვეტილება არ მიგვიღია, უნდა ვიმუშაოთ საჯარო და კერძო სექტორთან, რომ ერთობლივი დაფინანსების სქემა შევიმუშაოთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იქნება ეფექტური“, - ამბობს ევგენი ჟუკოვი.

აზიის განვითარების ბანკის საქართველოს ოფისში განმარტავენ, რომ ჩართულები იყვნენ კვლევის ნაწილში, რა დროსაც გამოიკვეთა, რომ საჭირო იყო ახალი აეროპორტის მშენებლობა მზარდი გამტარუნარიანობის დასაკმაყოფილებლად. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ვაზიანის აეროპორტის მარსტერპლანის განვითარებისთვის.

„აზიის განვითარების ბანკი ვუწევთ პროცესებში დახმარებას, უკვე გავაკეთეთ აეროპორტების შეფასება არსებული მდგომარეობის და რეკომენდაციებიც შევიმუშავეთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მზარდი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. ამის შედეგად გამოიკვეთა საჭიროება თბილისის აეროპორტში სიმძლავრეების გაზრდის. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განავითაროს ახალი აეროპორტი იმისთვის, რომ მზარდი მოთხოვნა დააკმაყოფილოს და ჩვენ ახლა ვთანამშრომლობთ, რომ აზიის განვითარების ბანკის დაფინანსება/მხარდაჭერით და აეროპორტების გაერთიანების თანადაფინანსებით განხორციელდეს ახალი აეროპორტის მასტერპლანის განვითარება,“ - აცხადებენ ADB-ში.

საქართველოს წარმომადგენლობაში განმარტეს, რომ მშენებლობის პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ აზიის განვითარების ბანკი ვაზიანის მშენებლობის ნაწილშიც ჩაერთოს.

„სხვა სამომავლო დაფინანსების საკითხი ამ წუთას გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, გამორიცხული არ არის, რომ აზიის განვითარების ბანკმა მიიღოს მშენებლობაში მონაწილეობა. მაგრამ ამ ეტაპზე ვერ დაგიდასტურებთ,“ - განგვიცხადეს ADB-ის საქართველოს ოფისში.

ცნობისთვის, მთავრობამ ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა 260 მილიონი დოლარი დაჯდება, აეროპორტი კი ჯამში 19 მილიონ მგზავრს მოემსახურება.

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, ვაზიანის აეროპორტთან დაკავშირებით სანავიგაციო კვლევები უახლოეს პერიოდში დასრულდება. პარალელურად კი დაიწყება გენერალური გეგმის შემუშავების პროცესი და 2025 წლისთვის მზად იქნება. შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია აეროპორტის მშენებლობა, 2028 წლის ბოლოს კი მზად იქნება ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ვაზიანის აეროპორტიდან პირველი ფრენები განხორციელდეს.

იხილეთ ასევე: მთავრობამ ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო

„რაში გვჭირდება 2 აეროპორტი 15 კმ-ში - ვემშვიდობებით „ტავ ურბანს“, თუ ვუგრძელებთ კაბალურ ხელშეკრულებას“

„ამ ტერიტორიებზე დაიწყება ისეთი მშენებლობები, რომელზეც შეიძლება მანამდე არც ფიქრობდნენ“ - რა პერსპექტივებს აჩენს ვაზიანის აეროპორტი

“ვაზიანში აეროპორტის ამოქმედების შემთხვევაში მის ასაფრენ-დასაფრენ კურსზე მშენებლობები დაუშვებელი იქნება”

„მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰყავდეს თავისი ავიაკომპანია - რატომაც არ უნდა ჩაერთოს საპენსიო ფონდი ამ პროექტში?“

„თურქული ავიაკომპანიების მომარაგების წყარო ვართ - საინტერესოა, ვინ ჩაერთვება ვაზიანის ოპერირებაში“

“გაუგებარია აეროპორტი ავიაკომპანიის გარეშე რა შეიძლება იყოს” - რა პერსპექტივები აქვს ვაზიანს

მერი ტაბატაძე