„თითო ნერგის დარგვას 7-8 წამი სჭირდება“ - ინოვაცია ქართულ აგრარულ სექტორში

ინოვაცია ქართულ აგრარულ სექტორში. მოგეხსენებათ, რომ საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული, თუმცა ის, რაც საქართველოს სოფლის მეურნეობას დღეს აკლია, თანამედროვე ტექნოლოგიების მასშტაბურად დანერგვაა, რაც აუცილებელი პირობაა ადგილობრივი პროდუქციის წარმოების მოცულობის და ხარისხის გაზრდისთვის. ამის ერთ-ერთი მაგალითი საქართველოში პრემიუმ ხარისხის ზეთისხილის ზეთისა და მარინადების წარმოებაა. გიორგი სვანიძის ზეთისხილის ბაღები 1000 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული დედოფლისწყაროში, კახეთში, საიდანაც იწარმოება “სვანიძის ზეთისხილის” ზეთი Extra Virgin და ზეთისხილის მარინადები.

წელს კომპანიამ საქართველოში თანამედროვე მექანიზებული, ჯიპიეს სისტემით მართვადი ჩამრგველი ტექნიკა შემოიტანა, რომლითაც დამატებით კიდევ გაშენდა 100 ჰექტრამდე ზეთისხილის ბაღები. ინოვაციური ჩამრგველი აგრეგატი, რამდენჯერმე ამცირებს ჩარგვის ვადებს, მიერთებულია ციფრულ ტექნიკაზე და მუშაობს მხოლოდ GPS სიგნალით, რომელიც მინიმალური ცდომილებით ახორციელებს ნერგების დარგვას. აგრეგატს შეუძლია დღეში 8-10 ჰექტრამდე ბაღის გაშენება, რაც ამ ფართობზე 5-6 ათასი ნერგის დარგვას უზრუნველყოფს. ხოლო თითო ნერგვის ჩარგვას მხოლოდ 7-8 წამი სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლიდან, გიორგი სვანიძის ინიციატივით საქართველო შეუერთდა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს რომელიც ზეთისხილის მწარმოებელ 48 ქვეყანას აერთიანებს, რაც მსოფლიოს ბაზრის 97%-ია. თავად კი ამ საბჭოს ორგზის არჩეული პრეზიდენტი გახდა 2019-2021 წლებში, დღეს კი საპატიო პრეზიდენტის წოდებით აგრძელებს ქვეყნის წარდგენას საბჭოში.

„ახალ სეზონს შევხვდით ინოვაციური ჩამრგველი აგრეგატით, რომელიც რამდენჯერმე ამცირებს დარგვის ვადებს. აგრეგატს შეუძლია დღეში 8-10 ჰექტრამდე ბაღის გაშენება, რომელიც დაახლოებით 5-6 ათას ნერგს მოიცავს. მას შეუძლია ერთდროულად რამდენიმე მოქმედება: ორმოს ამოღება, ნერგის დარგვა, დატკეპნა და მიწის მიყრა. შესაბამისად, არის ძალიან სწრაფი, თითო ნერგის დარგვას დაახლოებით 7-8 წამი სჭირდება.

ჩამრგველი დანადგარი ინარჩუნებს მიწის ტენიანობას, რადგან ორმო ამოღებული დიდი ხნით არ რჩება“ - განაცხადა თორნიკე მარკოზაშვილმა, „სვანიძის ზეთისხილის“ დირექტორმა.

ეკა დარჩიაშვილი