რა ქონებას ფლობს ნათია თურნავა და მისი ოჯახი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 30 აპრილს შეავსო.

დოკუმენტის მიხედვით, მისი სახელზეა 2 ნაჩუქარი ბინა თბილისსა და ბათუმში, ასევე, 2 მიწის ნაკვეთი, რომელიც ასევე, ჩუქებით არის რეგისტრირებული.

როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, 30 აპრილის მდგომარეობით, ნათია თურნავა "თიბისი ბანკის“ საბარათეზე ფლობდა 85,42 ევროს და 11 805,98 ლარს, ანაბარზე - 122 000 ევროს, „საქართველოს ბანკის“ ბარათზე - 1 195,46 ევროს, ხოლო ანაბარზე - 369 900 აშშ დოლარს. ასევე, ნაღდი ფულის სახით 28 000 ლარს და 7000 აშშ დოლარს.

ამასთან, ნათია თურნავამ როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა და პირველმა ვიცე პრეზიდენტმა გასულ წელს ხელფასის სახით 183 424,54 ლარი მიიღო.

რაც შეეხება ნათია თურნავას ოჯახის წევრის, მეუღლის ქონებას, მის სახელზეა 7 მიწის ნაკვეთი, 2 დაუმთავრებელი შენობა და 2 ბინა. ასევე, მსუბუქი ავტომობილი Mercedes Benz ML class 2011, რომლის ღირებულება 43000 აშშ დოლარს შეადგენს.

ნინი ქეთელაური