„უვიზო რეჟიმის შეჩერება გამორიცხული არ არის - ყველა ვარიანტი მაგიდაზეა“

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, გუშინ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გარშემო მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

როგორც ის სოციალურ ქსელ X-ზე წერს, განიხილეს ყველა შესაძლო ზომა, რაც შეიძლება გატარდეს, მათ შორის გამორიცხული არ არის შეჩერდეს უვიზო რეჟიმი.

„ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა გუშინ საქართველოს შესახებ იმსჯელეს. მათ შორის განიხილეს პოტენციური ზომები, იმ შემთხვევისთვის თუ „უცხოეთის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მიიღებენ. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება გამორიცხული არ არის. ყველა ვარიანტი მაგიდაზეა“, - წერს რიკარდ იოზვიაკი X-ზე.

შეგახსენებთ, იოზვიაკის ინფორმაციითვე, ევროკავშირის ელჩებმა გუშინვე „მწვანე შუქი აუნთეს“ ევროპის სამშვიდობო ფონდიდან (EPF) საქართველოსთვის 30 მლნ ევროს დახმარების გამოყოფას.

იხილეთ ასევე: „ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს ევროპის სამშვიდობო ფონდიდან საქართველოსთვის 30 მლნ ევროს გამოყოფას“

მერი ტაბატაძე