იმერული ხაჭაპურის მომზადება 6,24 ლარი ჯდება - რა ინგრედიენტები გაძვირდა/გაიაფდა აპრილში

2024 წლის აპრილში სტანდარტული მოცულობის ერთი იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6,24 ლარს შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი - ამის შესახებ ინფორმაციას ISET აქვეყნებს.

მიუხედავად იმისა, რომ წლიურ ჭრილში ფასი გაზრდილია, უკვე მეორე თვეა იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება მცირდება. მაგალითისთვის, აპრილში მარტთან შედარებით 2.4%-ით არის ფასი შემცირებული - მარტში იმერული ხაჭაპურის მომზადებისთვის 6.4 ლარი გვჭირდებოდა.

2024 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, ქალაქების ჭრილში კლება დაფიქსირდა ბათუმში (5.9%-ით), ქუთაისსა (4.9%-ით) და თბილისში (-3,7%-ით), ხოლო თელავში ფასები 4%-ით გაიზარდა.

აპრილში წლიურად ფასები გაზრდილია ხაჭაპურის მომზადებისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტზე:

  • კარაქი (+15.6%)
  • საფუარი (+15.3%)
  • რძე (+12.1%)
  • კვერცხი (+3.2%)
  • ყველი (+2.2%)
  • ფქვილი (+0.4%)

ხოლო ბოლო ერთი თვის ჭრილში ინგრედიენტების ფასები, კარაქისა (+1.1%-ით) და ფქვილის (+0.7%-ით) გარდა, შემცირებულია:

  • ყველი (-4,1%)
  • საფუარი (-1,2%)
  • კვერცხი (-1,1%)
  • რძე (-0,7%)

კვლევაში აღნიშნულია, რომ მარხვის პერიოდის დაწყებამ შესაძლოა, ხელი შეუწყო ყველსა და რძის პროდუქტებზე ფასების შემცირებას, რადგან ამ პერიოდში მოთხოვნა მცირეა.

მერი ტაბატაძე