„იმდენი ზედაპირია ბეტონით დაფარული, უკვე საეჭვო ხდება ეს ყველაფერი“ - რატომ ვერ უძლებს თბილისი უხვ ნალექს

ნიაღვარი, გზების დატბორვა, მიწის მასების ჩამოშლა - თბილისში უხვი ნალექის დროს ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. როგორც ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადეს, ამის განმაპირობებელი ძირითადად ორი ფაქტორია. პირველი, სანიაღვრე სისტემების შემცირება და მეორე, კიდევ უფრო მთავარი, ზედაპირების ასფალტ-ბეტონით დაფარვა, რა დროსაც ნალექი გრუნტის წყლამდე აღარ იჟონება.

ზურაბ ბაქრაძის თქმით, ევროპულ ქალაქებში განაშენიანების გეგმაშიც კი არის ჩადებული, რომ რაც შეიძლება ცოტა წყალი მოხვდეს სანიაღვრე სისტემაში და ნიადაგში (გრუნტის წყლებამდე) მეტი გაიჟონოს. თუმცა, ქალაქმგეგმარებელი აღნიშნავს, რომ თბილისში ეს პირიქით ხდება და ბეტონით ზედაპირების მოპირკეთების ინტენსივობა, კითხვებსაც კი აჩენს.

„პოსტ საბჭოურ დროს (ეს იმიტომ არა, რომ საბჭოური ჯობია, ან პირიქით) სანიაღვრე სისტემა შეამცირეს და მნიშვნელოვნად ნაკლებ წყალს ატარებს. ეს არის ერთი მიზეზი, რომ ნალექი ვერ მიდის მტკვრამდე. მეორე არის ის, რისკენაც ევროპა მიილტვის და ჩვენთან კიდევ არ გამოფხიზლებულან, მოკირწყლული, წყალგაუმტარი ზედაპირები (მოასფალტება, ბეტონის ზედაპირები) რაც შეიძლება ნაკლები უნდა იყოს, იმისთვის, რომ ეს ნალექი გრუნტის წყლებამდე ჩაიჟონოს. ჩვენში ეს ჯერჯერობით უცხო ხილია. არადა, ასე თუ მოაწყობენ ქალაქს, გაცილებით ნაკლები წყალი მოხვდება სანიაღვრე სისტემაში და მაშინ ის სანიაღვრე სისტემა, რომელიც უკვე აქვს თბილისს, იქნებ, საკმარისიც აღმოჩნდეს.

რაც ევროპული გამოცდილებიდან ვიცი, ყველა ქალაქი მიისწრაფვის იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი წყალი შეიწოვოს ნიადაგმა და მოხვდეს გრუნტის წყლებამდე. იმიტომ, რომ გრუნტის წყლების დონე ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქალაქისთვის, ძირითადად ამით საზრდოობენ მცენარეები, ხეები და რაც უფრო მეტი წყალი გადავა სანიაღვრე სისტემაში, მით უფრო დაბლა დაიწევს გრუნტის წყალი. ამაზე უნდა იზრუნოს ყველა ქალაქმა. ევროპაში ეს ჩვეულებრივი რამ გახდა და იქ მოკირწყლული, წყალგაუმტარი ზედაპირები შემცირებულია. ბევრი ქალაქის წესდებაში პირდაპირ წერია და განაშენიანების გეგმის წინაპირობაა, რომ რაც შეიძლება ნაკლები წყალი უნდა ჩავიდეს სანიაღვრეში. ამისთვის არსებობს სხვადასხვა საშუალებები. იქ სადაც წყალს ზედაპირი ვერ გაატარებს, აკეთებენ ე.წ ღრმულებს, გროვდება წყალი და შემდეგ იჟონება ქვემოთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქვაფენილების და ტროტუარზე რაც ახლა გვაქვს, ამის ბეტონზე დაგება, ამისთვის არსებობს ხრეში, შემდეგ ქვიშა და მერე ზემოდან გადაგება. იმდენი ზედაპირია ბეტონით დაფარული, რომ უკვე საეჭვო ხდება ეს ყველაფერი. ისედაც, ლაპარაკია იმაზე, რომ ეს არის ვიღაცის ბიზნესი, რომელსაც მფარველობენ ხელისუფლებაში, რათა ბეტონის ბიზნესი რაც შეიძლება წარმატებული იყოს და ყველგან აგებენ ბეტონს. ეს ყველა მხრივ არასწორია“,- ამბობს ზურაბ ბაქრაძე.

ნინი ქეთელაური