შიდა ფრენებზე Vanilla Sky-ს ხელშეკრულება შესაძლოა, კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივდეს

შიდა ფრენებზე Vanilla Sky-ს ხელშეკრულება შესაძლოა, კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივდეს - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს.

ცნობისთვის, 2024 წლის აპრილის დასაწყისში აეროპორტების გაერთიანებამ შიდა ფრენებზე 23.2-მილიონიანი 2 ტენდერი გამოაცხადა. ტენდერების თანახმად, იგეგმებოდა მესტია-ბათუმის, ქუთაისი-თბილისისა და თელავი-ბათუმის მიმართულებით ფრენების დამატება.

წინადადებების მიღება 2 მაისიდან დაიწყო და 7 მაისს დასრულდა. თუმცა ტენდერი ჩაიშალა, იქიდან გამომდინარე, რომ მასში მონაწილეობის სურვილი არც ერთმა ავიაკომპანიამ არ გამოთქვა.

შეგახსენებთ, ამჟამად საქართველოში შიდა ფრენებს Vanilla Sky ახორციელებს. აღნიშნულ კომპანიას ხელშეკრულება 2018 წელს 4 წლის ვადით გაუფორმდა. მოგვიანებით მთავრობის დადგენილებით ხელშეკრულების ვადა რამდენჯერმე დაკორექტირდა.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში „ბიზნესპრესნიუსს“ აპრილში განუცხადეს, Vanilla Sky-სთან დადებული ხელშეკრულება მიმდინარე წლის მაისის ბოლომდე იქნებოდა ძალაში. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, Vanilla Sky-ს ხელშეკრულების ვადამ შესაძლოა, კიდევ ერთხელ გადაიწიოს.

იხილეთ ასევე: შიდა ფრენებზე გამოცხადებული ტენდერები ჩაიშალა

Vanilla Sky შიდა ფრენებს მაისის ბოლომდე განახორციელებს - რა ღირს ბილეთები

მერი ტაბატაძე