რა წილი აქვს თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს TAV Holding-ის შემოსავლებში

2023 წელს აეროპორტების გლობალური ოპერატორის TAV Holding-ის შემოსავლები 24.5%-ით გაიზარდა, მგზავრთა რაოდენობა კი 22%-ით - ამის შესახებ აღნიშნულია ჰოლდინგის გასული წლის ფინანსურ ანგარიშგებაში.

უფრო კონკრეტულად, 2023 წელს TAV Holding-მა 1 309 687 000 ევროს შემოსავალი მიიღო, 2022 წელს კი 1 051 358 000 ევროს.

TAV Holding-ის შემოსავლების უდიდესი ნაწილი თურქეთის აეროპორტებზე მოდის, შემდეგ მას მოჰყვება ყაზახეთის, საქართველოს, საუდის არაბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ტუნისისა და ხორვატიის აეროპორტები.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან TAV Holding-მა 115.190 მილიონი ევროს შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წელთან შედარებით 17.3 მილიონი ევროთი, დაახლოებით 18%-ით მეტი იყო. 2022-ში საქართველოს აეროპორტებიდან TAV-მა 97.842 მლნ ევროს შემოსავალი მიიღო. აღსანიშნავია, რომ TAV Holding-ის შესამოსავლებში საქართველოს აეროპორტებიდან მიღებული თანხა 8.8%-ს შეადგენს.

TAV Holding-ის 2023 შემოსავლები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თურქეთი - 511.840 მლნ ევრო (2022 წელი - 387.140 მლნ ევრო)
  • ყაზახეთი - 414.265 მლნ ევრო; (2022 წელი - 333.865 მლნ ევრო)
  • საქართველო - 115.190 მლნ ევრო; (2022 წელი - 97.842 მლნ ევრო)
  • მაკედონია - 49.853 მლნ ევრო; (2022 წელი - 37.890 მლნ ევრო)
  • ტუნისი - 41.185 მლნ ევრო; (2022 წელი - 26.469 მლნ ევრო)
  • ხორვატია - 32.634 მლნ ევრო; (2022 წელი - 26.019 მლნ ევრო)
  • ომანი - 27.407 მლნ ევრო; (2022 წელი - 20.539 მლნ ევრო)
  • ლატვია - 26.213 მლნ ევრო; (2022 წელი - 19.732 მლნ ევრო)
  • ესპანეთი - 18.293 მლნ ევრო; (2022 წელი - 11.089 მლნ ევრო)
  • კატარი - 12.468 მლნ ევრო; (2022 წელი - 49.428 მლნ ევრო)
  • საუდის არაბეთი - 10.540 მლნ ევრო; (2022 წელი - 11.323 მლნ ევრო)
  • სხვა ქვეყნები - 49.799 მლნ ევრო. (2022 წელი - 30.022 მლნ ევრო)

რაც შეეხება მგზავრთნაკადს, 2023 წელს ჰოლდინგი 95 538 898 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის 78 359 460- თან შედარებით თითქმის 22%-ით მეტია. 19.4%-ით გაიზარდა მგზავრების რიცხვი საქართველოს (თბილისი/ბათუმი) აეროპორტებში. 2023 წელს ორივე აეროპორტი 4 313 995 ადამიანს მოემსახურა, 2022 წელს კი 3 612 927 მგზავრს.

ცნობისათვის, TAV Airports Holding-ი ქართულ ბაზარზე 2005 წელს შემოვიდა. ჰოლდინგის შვილობილი კომპანია TAV Georgia თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიაა და არსებული კონტრაქტის მიხედვით, ის აეროპორტების ოპერატორი 2027 წლამდე იქნება.