"ეს არის დანაშაული, რომელსაც ვერასდროს გამოვისყიდით ჩვენი შვილების, იმ თაობის წინაშე, რომელიც გამოსულია და აპროტესტებს ამას"

"ეს არის დანაშაული, რომელსაც ვერასდროს გამოვისყიდით ჩვენი შვილების, იმ თაობის წინაშე, რომელიც გამოსულია და აპროტესტებს ამას" - ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან ბიზნეს ასოციაციების შეხვედრაზე აღნიშნა, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბოლო დღეებში განხორციელებული ძალადობის ფაქტები და ევროპული მომავლის დაცვა ქვეყნის ყველა მოქალაქის ვალდებულებაა.

"არაერთი განცხადება გაუკეთებიათ, თურმე, რომ კანონპროექტის შინაარსში უნდა ჩავიხედოთ... მე ისევ ჩემ პოზიციაზე ვდგავარ, რომ ნამდვილად არ აქვს აზრი ამ კანონპროექტის შინაარსში შესვლას და ამაზე ტყუილად დროის დაკარგვას ცალსახად არ ვაპირებ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ყველაზე მყარი პარტნიორები, ესენი არიან ევროპელები, ამერიკელები, რომლებსაც განსაკუთრებით ჩემზე კარგად ესმით ამ კანონპროექტში რა წერია, მიგვითითებენ და პირდაპირი მნიშვნელობით თითს გვიქნევენ, რომ დაგვაშორებს ჩვენს ევროპულ მომავალს, დაგვაშორებს ჩვენს ყველაზე მჭიდრო პარტნიორს, ამერიკას.

პირადად ჩემი აზრით, ეს არის დანაშაული, რომელსაც ვერასდროს გამოვისყიდით ჩვენი შვილების, იმ თაობის წინაშე, რომელიც გამოსულია და აპროტესტებს ამას. როდესაც გამჭვირვალობაზეა საუბარი, აბსოლუტურად გამჭვირვალეა ყველა ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში არსებობს და დარეგისტრირებულია მათი ქმედება, მათი შემოსავალი თუ გასავალი. ასე რომ, შეცდომაში ნუ შეგყავთ ჩვენი მოსახლეობა, თითქოს გაუმჭვირვალე არის რამე. სრულიად გამჭვირვალეა ყველაფერი.

განსაკუთრებით აღშფოთებული ვარ ბოლო დღეების ინცინდენტების შემდეგ, როდესაც ჩვენს ძვირფას მოსახლეობას თავს ესხმიან და თურმე დაცული არ არის ჩვენი ქვეყნის არცერთი მოქალაქე. გაურკვეველი ქმედებები ხდება, პირდაპირ კანონის საწინაამდეგოდ ახდენენ ადამიანების სახლში შეჭრას, სახლის ჩხრეკას, ეს არის სრულიად წარმოუდგენელი, რაც დღეს ხდება. ჩვენ ქვეყნის ყველა მოქალაქე ვალდებულნი ვართ, დავდგეთ ერთად, რათა დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი. მე ნამდვილად ვერ წარმომედგინა, რომ საქართველოში ქართველებს ქართველების წინააღმდეგ მოგვიწევდა ჩვენი ევროპული მომავლის დაცვა, რასაც 9 აპრილს, 35 წლის წინ შეწირნენ ჩვენი წინაპრები და დაიღვარა სისხლი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შვილების, ჩვენი ქვეყნის და ნებისმიერი ბიზნესის საკეთილდღეოდ დავდგეთ ერთად ევროპული მომავლისკენ წინსვლისთვის", - განაცხადა ივა ჭყონიამ.

შეგახსენებთ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო, მესამე მოსმენა კი 13 მაისს ჩაინიშნა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პროექტი გასულ წელსაც განიხილებოდა, თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობამ საზოგადოების პროტესტის ფონზე უკან გაიწვია. ხელმეორედ დაინიცირებული კანონპროექტის განხილვები კი, ისევ ხმაურის, დაპირისპირების, საზოგადოების პროტესტისა და ევროპარლამენტარების კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს.

ნინი ქეთელაური