„კანონის მიღება იმოქმედებს ინვესტორთა მოზიდვაზე და უცხოური კომპანიების მიერ საქართველოში ბიზნესის დაწყებაზე“ - ზვიად ჭუმბურიძე

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივნის, ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გავლენას მოახდენს საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე.

ჭუმბურიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ყურადღება გაამახვილა ამერიკული და ევროპული ბიზნესების წილზე საქართველოში და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია არამარტო ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, არამედ განვითარებისთვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის.

„იბიარდი“ ამბობს, რომ ეს აუცილებლად იმოქმედებს ინვესტორთა მოზიდვის საკითხზე და უცხოელი დაინტერესებული კომპანიების საქართველოში ბიზნესის დაწყებაზე, რაც პრაქტიკულად, ჩვენთვის იქნება მძიმე. თითოეული კომპანია, რომელიც შემოდის საქართველოში, არის ჩვენი დამოუკიდებლობის, თავისუფლების ერთგვარი გარანტი, იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება ამერიკული, ევროპული კომპანიები, რომლებიც შექმნიან სტაბილურ ეკონომიკას. სტაბილურ ეკონომიკაზე დამოკიდებულია შენი დამოუკიდებლობა, განვითარება და პოლიტიკური სიძლიერე. დონორების ძირითადი წილი მიდის იმ პროექტებზე, რომელიც საქართველოს ძალიან სჭირდება, ეს არის ინფრასტრუქტურული პროგრამები, სადაც ევროპის საინვესტიციო ბანკი აქტიურად მონაწილეობს, მსოფლიო ბანკი და რა თქმა უნდა, როდესაც შენი ასეთი ძლიერი მხარდამჭერი დონორები კიდევ ერთხელ გიმეორებენ, რომ ეს კანონი არ იქნება შენთვის სიკეთის მომტანი, ეს უნდა გავითვალისწინოთ, იმიტომ, რომ საქართველოს დღეს არ აქვს ის ვითარება, რომ პარტნიორებს უარი ვუთხრათ თანამშრომლობაზე, ეს გამორიცხულია. ჩვენ ისინი გვჭირდება იმიტომ, რომ ისინი არიან ის პარტნიორები, რომლებიც საქართველოს გაწევრიანებას შეუწყობენ ევროკავშირში ხელს. ეს პროცესი არ უნდა შევაჩეროთ“, - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.

ცნობისთვის, დღეს 9 ბიზნესგაერთიანების წარმომადგენელმა ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ გამოწვევებზე, რაც კანონის მიღების შემთხვევაში შესაძლოა, საქართველოში შეიქმნას. მათ კიდევ ერთხელ მოუწოდეს მმართველ პარტიას კანონპროექტის გაწვევისკენ და დააფიქსირეს თავისი პოზიცია, რომ ეწინააღმდეგებიან აღნიშნული კანონის მიღებას.

შეგახსენებთ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო, მესამე მოსმენა კი 13 მაისს ჩაინიშნა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პროექტი გასულ წელსაც განიხილებოდა, თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობამ საზოგადოების პროტესტის ფონზე უკან გაიწვია. ხელმეორედ დაინიცირებული კანონპროექტის განხილვები კი, ისევ ხმაურის, დაპირისპირების, საზოგადოების პროტესტისა და ევროპარლამენტარების კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს.

მერი ტაბატაძე