„რუსეთზე უკეთ ვართ მომზადებულები“  - აქვს თუ არა საქართველოს სტრატეგიული მარაგები

რა არის სტრატეგიული მარაგი, გააჩნია თუ არა საქართველოს სხვა ქვეყნების მსგავსად სტრატეგიული მარაგები გლობალური რისკების არსებობის შემთხვევაში და არსებობს თუ არა ასეთი ინსფრასტრუქტურა? - ამ თემაზე რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ საბუნებისმეტყველო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე თვალჭრელიძემ ისაუბრა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე: სტრატეგიული მარაგი - ეს არის გაცილებით ვიწრო ცნება და მოიცავს ისეთი ნივთების მარაგს, როგორიცაა ტანსაცმელი, პროდუქტი და ა.შ. რაც შეეხება სტრატეგიულ რეზერვებს, სახელწმიფოს საზრუნავი სწორედ ეს მიმართულებაა.

როგორც იქნა, წელს ეროვნულმა ბანკმა შეიძინა ოქრო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ნაბიჯი იყო. ამაზე მრავალი ათეული წლებია ვსაუბრობ. ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც აქვს სუვერენიტეტზე პრეტენზია, ოქროს რეზერვი უნდა გააჩნდეს, მითუმეტეს, რომ ოქროს რეზერვი არის პირველი იარაღი ვალუტის გაუფასურების საწინააღმდეგოდ.

ალექსანდრე თვალჭრელიძემ სახელმწიფოსთვის სამ აუცილებელ სტრატეგიულ რეზერვზე ისაუბრა:

„ოქროს გარდა, არსებობს სხვა რეზერვები, რომლებიც ჩვენ უნდა გვქონდეს და ეს არის ენერგო-რეზერვები. აუცილებელია, რომ შეიქმნას გაზის საცავი, რომელიც ინახება მიწისქვეშა სპეციალურ საცავებში. 1 წლის წინ ასეთი საცავის მშენებლობის შესახებ წავიკითხე, თუმცა მას მერე არანაირი წინსვლა ამ მიმართულებით არ ყოფილა.

ჩვენ თამამად გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ რეგიონის მასშტაბით გვქონდეს საცავი, თუმცა ამ ეტაპზე ვაშენებთ 400 მლნ კუბის მოცულობის საცავს, რაც საკმაოდ ცოტაა. შედარებისთვის, ორგერ უფრო დიდი აქვს აზერბაიჯანს.

მესამე და მნიშვნელოვანი სტრატეგიული რეზერვი არის სამხედრო დანიშნულების, რომელშიც ინახება იარაღი, აღჭურვილობა, ასევე სტრატეგიული დანიშნულების ლითონები. ასეთი ყველაზე დიდი სტრატეგიული რეზერვი აქვს აშშ-ს და ჩინეთს და არა რუსეთს, როგორც ბევრს ჰგონია“ - აცხადებს თვალჭრელიძე.

მისი თქმით, არსებობს წვრილი მიმართულებებიც და განახლებადი რეზერვები, ესენია: საკვები, მედიკამენტები და ა.შ. რომელთა შევსება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

აკადემიკოსმა სასმელი წყლის რეზერვის მნიძშვნელობაზეც გააკეთა აქცენტი.

„მტერმა ჟინვალის კაშხალი რომ დააზიანოს, შესაძლოა, ერთი კვირა თბილისი უწყლოდ დარჩეს, მაგრამ სტრატეგიულ ავზებს ავამოქმედებთ, რომლებიც ასეთი სიტუაცისსთვის გაგვაჩნია. პირველი, რასაც მტერი იზამს, სწორედ ასეთი რეზერვების განადგურებაა“ - განაცხადა ალექსანდრე თვალჭრელიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ამ მხრივ არც ისე ცუდადაა მომზადებული და ეს 2008 წლის აგვისტოშიც გამოჩნდა, როდესაც ომის შემდეგ, ფაქტობრივად არაფრის დეფიციტი არ შექმნილა.

„ისეთი უსაფრთხოების დონე, რა თქმა უნდა არ გვაქვს, როგორც მაგალითად, საფრანგეთს ან აშშ-ს, მაგრამ მერწმუნეთ, რუსეთზე უკეთ ვართ მომზადებულები“ - განაცხადა მან.

ალექსანდრე თვალჭრელიძის განცხადებით, სტრატეგიული მარაგების თეორიაში არის ცნება, რომ სახელმწიფოს 2 თვის რეზერვი უნდა ჰქონდეს.

„ეს აძლევს სახელმწიფოს ლაბილობის საშუალებას, რომ შემდეგ მარაგები ეკონომიკურად, სოციალურად და პოლიტიკურად სწორი წყაროებიდან შეავსოს“ - განაცხადა მან.

ეკა დარჩიაშვილი