მთავრობამ ანტიმონოპოლიურ კანონზე მუშაობა დაასრულა

ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა უკვე მზად არის და თვის ბოლომდე პარლამენტს განსახილველად წარედგინება, - ამის შესახებ ეკონომიკური განვითრების მინისტრის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ გადაცემა ”ბიზნესკურიერში” განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა კონკურენციისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე უკვე ერთი წელია მუშაობს და ამ პერიოდში კონსულტაციები ყველა ბიზნეს -ასოციაციასა და დაინტერესებულ პირთან გაიარეს.

როგორც მიქელაძემ განაცხადა, კანონპროექტის მიხედვით, ჩამოყალიბდება დამოუკიდებელი სსიპ-ი, ”კონკურენციის სააგენტო”, რომლის საქმიანობაში, საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად, ხელისუფლებაში მყოფი ან დამოუკიდებელი პირები ვერ ჩაერევიან.

”სააგენტო დამოუკიდებლად შეისწავლის ქვეყანაში არსებულ გარემოს, ანალიზისა და მეთოდოლოგიური დოკუმენტების გათვალისწინებით. აქამდე თუ არ არსებობდა მომჩივანის ან განმცხადებლის საჩივარი, არ ხდებოდა არანაირი ქმედების განხორციელება”, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამასთანავე, არსებული კანონდებლობის მიხედვით, რომელიც 2012 წელს მიიღეს, ანტიმონოპოლიური მოქმედების ძირითად სტრატეგიასა და მიმართულებებს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავდა, ამიერიდან კი სააგენტო თვითონ შეიმუშავებს.

”ეს იქნება საბიუჯეტო ორგანიზაცია, შესაბამისად, ბიუჯეტიდან განხორციელდება მისი დაფინანსება. სააგენტოს თავმჯდომარეს აირჩევს პრემიერ-მინისტრი პარლამენტთან შეთანხებით და ამ ორი ინსტიტუტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული”, - განაცხადა მიქელაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, კვლავ ძალაში რჩება ადრე გაცხადებული ინფორმაცია, რომ მონოპოლისტად ჩაითვლება პირი, რომელიც ბაზარზე 40%-იან წილს ფლობს.

”თუმცა, თავისთავად ამ წილის ფლობა არ ნიშნავს, რომ ეს დანაშაულია. დამრღვევად ჩაითვლება ის დომინირებული პირი, ვინც ბოროტად იყენებს თავის მდგომარეობას”, - განმარტა ნათია მიქელაძემ.

მისი თქმით, დარღვევის დადგენისათვის სააგენტოს შრომატევადი და მყარად არგუმენტირებული კვლევის ჩატარება მოუწევს. ამასთან, სააგენტოს ექნება მთელი რიგი ბერკეტები, რათა დაღვევები აღმოფხვრას, მათ შორის, საჯარიმო სანქციები, რომელიც არსებული კანონმდებლობისგან განსხვავებით, წლიური ბრუნვის 2%-დან 10%-მდე გაიზრდება. ”ჯარიმის მოცულობა განისაზღვრება დარღვევის შინაარსისა და ხასიათის მიხედვით”, - დასძინა მან.

ანტიმონოპოლიური ღონისძიებები სახელმწიფო წილით შექმნილ საწარმოებსაც შეეხება, მათი საქმიანობის რეგულირებისთვის ახალ კანონმდებლობაში სპეციალური თავი მიეძღვნება.

”სააგენტოს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და მეწარმე - სუბიექტს შეუძლია, სასამართლოში გაასაჩივროს”, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.