თბილისის უბნები, სადაც ყველაზე მეტ ბინას ყიდულობენ და ყიდიან

ბინების გაყიდვის კუთხით, თბილისში ძირითადად ორი უბანი ლიდერობს - ცენტრალური უბნებიდან საბურთალო - გარეუბნებში კი ვარკეთილი.

უძრავი ქონების ბაზრის სპეციალისტების თქმით, მიმდინარე წელს ბინების ღირებულება არ შეცვლილა, თუმცა მოთხოვნა გაიზარდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ბინების გაყიდვის კუთხით რომელი უბანი ლიდერობს.

როგორც უძრავი ქონების პორტალ SS.ge-დან გამოთხოვილი ინფორმაციით ვგებულობთ, გასაყიდი ბინების ყველაზე მეტი განცხადება საბურთალოზე იდება, სადაც ბოლო მონაცემებით სულ 4252 განაცხადია.

დიდი დიღომი - 1600 განცხადება

ვაკე-ბაგები - 1332 განცხადება

გლდანი - 1134 განცხადება

ვარკეთილი - 859 განცხადება

როგორც უძრავი ქონების სააგენტო „კიბეს“ ხელმძღვანელი ნელი გოგუაძე „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ვარკეთილში ახალაშენებულ ბინები ძალიან სწრაფად იყიდება.

„ვარკეთილში პრაქტიკულად, მშენებლობას ვერ ნახავ, სადაც გასაყიდი ბინა დარჩენილი იყოს. თუ კიდევ იყიდება, მაშინ თავად ბინის მეპატრონე ყიდის. ეს იქიდან გამომდინარე ხდება, რომ ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს, ასევე თეთრი კარკასის ფასი საშუალოდ 500 დოლარი ღირს. შესაბამისად, მოსახლეობისთვის ფასი მისაღებია. ვაკე-საბრთალოზე კი ბინის ფასი 700 დოლარიდან იწყება.

ფასი ბევრ რამეს განსაზღვრავს, რა თქმა უნდა, ყველა უბანს თავისი კლიენტი ჰყავს. ვინც საბურთალოზე ცხოვრობს, სულ რომ აჩუქო, შესაძლოა, არც კი წავიდეს გარეუბანში. ცენტრალურ უბნებში ბევრი ახალაშენენებული კორპუსია, სადაც ბევრი გასაყიდი ბინაა დარჩენილი, ხოლო გარეუბნებში კორპუსი დამთავრებული არ არის და უკვე ყველა ბინა გაყიდულია.

ზოგადად ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა ძირითადად ახალ აშენებულ კორპუსში ურჩევნიათ ბინის ყიდვა“, - განაცხადა გოგუაძემ.

ლიკა ამირაშვილი