არაბთა გაერთიანებულ საამიროები საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ბაზრებს შორისაა - რას ვყიდით და ვყიდულობთ არაბეთში

არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს საექსპორტო ბაზრების ათეულშია.

„საქსტატის“ ცნობით, აღნიშულ ქვეყანაში წლის პირველ 5 თვეში 40.145 მლნ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. წლიურ ჭრილში ზრდა 166.6%-ია. მხოლოდ მაისში საამიროებში ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა.

კერძოდ, 2019 წლის მაისში ექსპორტი 12 მლნ დოლარი იყო, 2018 წლის მაისში ამ მაჩვენებელმა 3,9 მლნ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება იმპორტს, 2019 წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,5 მლნ დოლარიდან 12,2 მლნ დოლარამდე შემცირდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ტოპ-5 პროდუქტს, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ასევე, რომელიც იქიდან შემოგვაქვს.

2019 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი მსუბუქი ავტომობილები იყო, რომლის ექსპორტმაც 30,3 მლნ დოლარი შეადგინა. მას მოსდევს ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - 3.8 მლნ დოლარით, მე-3 ადგილზე გავიდა სქემები ელექტრონული ინტეგრალური და მიკროანაწყობები, რომლის ექსპორტიც 1.3 მლნ დოლარი იყო, მე-4 ადგილზეა ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 605 500 დოლარით, მე-5 ადგილზე კი 471 700 დოლარით გავიდა საათები დამზადებული ძვირფასი ლითონებისგან ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონებისგან.

რაც შეეხება იმპორტს, 2019 წლის იანვარ-მაისში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით იყო, რომლის იმპორტმაც 28.3 მლნ დოლარი შეადგინა. მას მოსდევს 2.6 მლნ დოლარით მსუბუქი ავტომობილები, მე-3 ადგილზე კი ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები გავიდა, რომლის იმპორტმაც 1.5 მლნ დოლარი შეადგინა. მე-4 ადგილზეა ექსპლუტაციაში ნამყოფი ავტომანქანების ნაწილები 1.3 მლნ დოლარით და ხუთეულს ასრულებს სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან, რომლის იმპორტმა 1 მლნ დოლარი შეადგინა.

ლიკა ამირაშვილი