საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დარიალის ხეობაში საავტომობილო გზა გაიხსნა.
ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, ავტომობილები გადაადგილებას დღის განმავლობაში შეუფერხებლად შეძლებენ, ხოლო 18:00-დან 07:00 საათამდე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეზღუდვები დაწესდება.
საავტომობილო მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო კოორდინაციით განხორციელდება. დარიალის ხეობა უკვე დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის და საბაჟო-გამშვები პუნქტის რეაბილიტაცია პრემიერის დავალებით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სტრუქტურა და ტექნიკა, რომელიც სამუშაოებს განაგრძობს.
დარიალის ხეობაში მეწყერი 10 დღის წინ ჩამოწვა.