როგორი იქნება განახლებული კინოთეატრი „რუსთაველი“ (+ფოტო)

თბილისის მერიაში შექმნილმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ კინოთეატრ „რუსთაველის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების ესკიზის წინასწარი შეთანხმების საკითხს დადებითი შეფასება მისცა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში მერიის არქიტექტურის სამსახურში შევიდა განაცხადი კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობის ესკიზის შეთანხმების შესახებ, რომელიც გულისხმობდა „შენობის განვითარებას სასტუმროს მიმართულებით კინოს თემატიკით“. როგორც მაშინ პროექტის არქიტექტორი „ლიბერალთან“ საუბრისას აცხადებდა, შენობაში, სავარაუდოდ, ერთი ან ორი კინოდარბაზი იქნებოდა. პროექტის მიხედვით, შენობას ემატებოდა სასტუმროც და რესტორნებიც. განაცხადის ავტორმა მაშინ თბილისის არქიტექტურის სამსახურისგან უარი მიიღო, თუმცა, პროექტზე მუშაობა გრძელდებოდა.

ახლა კი კიდევ ერთი განაცხადი ესკიზის შეთანხმების მიზნით, არქიტექტურის სამსახურში მიმდინარე წლის 31 ივლისს შევიდა, რომელზეც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ თანხმობა გასცა. როგორც ესკიზიდან ირკვევა, შენობის თავზე ახალი კონსტრუქცია იქნება განთავსებული.

თაია არდოტელი