"რეზონანსი" - 2020 წლისთვის მთავრობა პენსიონერებს სიურპრიზს უმზადებს?

პენსიებთან დაკავშირებით, მთავრობა ახალ ინიციატივას ამზადებს, კონკრეტულად რა მოდელს შესთავაზებს სახელმწიფო მოსახლეობას ცნობილი არ არის, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ რეფორმა არა დაგროვებით პენსიაში მონაწილეებზე, არამედ ასაკით პენსიონერებზე უნდა იყოს ორიენტირებული.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, 2020 წლის ბიუჯეტი ძირითადად სოციალურ პროგრამებზე იქნება აქცენტირებული, მათ შორის, ინიციატივა მზადდება პენსიებთან დაკავშირებითაც. რამდენადაც 2020 წელს არჩევნებია, ბიუჯეტის დაგეგმვა საპასუხისმგებლო პროცესია და ამაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ჩართულია მთელი მთავრობა.

კითხვაზე, მუშაობს თუ არა მთავრობა ინდექსაციის კანონპროექტზე, რომელიც პენსიების ზრდას ითვალისწინებს ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ მზადდება პენსიებთან დაკავშირებული ინიციატივაც.

„2020 წლის ბიუჯეტი იქნება, ძირითადად, აქცენტირებული სოციალურ პროგრამებზე, მათ შორის პენსიებთან დაკავშირებითაც მზადდება ინიციატივა. ფინანსთა სამინისტრო ახდენს ამის კოორდინაციას და როდესაც უკვე დასრულდება ბიუჯეტის პროექტის მომზადება, დამატებით ინფორმაციას მოგახსენებთ. ამ ინიციატივას ნამდვილად ვამზადებთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც ჩანს, პენსიის მატების გარდა, ხელისუფლება აქტიურად განიხილავს საპენსიო რეფორმის ახალ ტალღასაც. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში პარლამენტში მიმდინარე განხილვების დროს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ბიუჯეტი იძლევა საშუალებას, გაიზარდოს პენსიები. ამასთან, მთავრობა ეცდება, ინდექსაციის გარკვეული ფორმები შემოიტანოს, რომ საპენსიო უზრუნველყოფის ზრდა პირდაპირ იყოს მიბმული ეკონომიკურ ზრდასთან.

საპენსიო რეფორმის ცვლილებას არა ფონდთან დაკავშირებით, არამედ ინდექსაციის კუთხით აუცილებლობად მიიჩნევს აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე.

"ამ პირობებში, როდესაც ინფლაცია მაღალია, აუცილებელია მოხდეს პენსიის ინდექსაცია, იმედია სწორედ ამ ცვლილებას ამზადებს ხელისუფლება და ამაზე საუბრობდა ეკონომიკის მინისტრიც. მოსახლეობას უნდა დაუბალანსდეს პროდუქტის სიძვირით მიყენებული ზარალი, მათ შორის პენსიის მატებითაც. სწორედ ამაში დაგვეხმარება ინდექსაცია, რაც გულისხმობს, ფასების მატების პროპორციულად პენსიის გაზრდას. საპენსიო ფონდის რეფორმაზე მნიშვნელოვანი დღეს ეს არის, განსაკუთრებით ასაკით პენსიონერთათვის", - აღნიშნა ავთო სილაგაძემ "რეზონანსთან" საუბრისას.

მთავრობის ახალ ინიციატივას დადებითად აფასებენ ფინანსისტები, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ იგი მორგებული უნდა იყოს როგორც საზოგადოების ინტერესებზე, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტზეც, რათა ხარჯვითი ნაწილი მკვეთრად არ გაიზარდოს.

"რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი აღნიშნავს, რომ ახალანდელი საპენსიო რეფორმა, რომელიც ბოლოს გატარდა, საერთოდ არ ეხებათ იმ ადამიანებს, ვინც ამჟამად პენსიონერები არიან.

"დაგროვებითი საპენსიო რეფორმა არ შეხებია, არათუ ახლანდელ პენსიონერებს, არამედ მათაც კი, ვინც 10 წელიწადში იქნება საპენსიო ასაკის. ამიტომაც აუცილებელია გატარდეს, რეფორმა, რომელიც უშუალოდ ამ სეგმენტზე იქნება მორგებული და მათ გაუადვილებს ყოფას. ეს უნდა იყოს დღეს სახელმწიფოს მთავარი ამოცანა, როგროც პენსიის ზრდის, ასევე სხვადასხვა შეღავათების დაწესების მიმართულებით. 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, იმედია, სწორედ ასეთ რეფორმას ამზადებს სახლემწიფო. იმ რეფორმით, რომელიც ცოტა ხნის წინ გატარდა, ფენებს შორის სეგრეგაცია უფრო მეტად არის გაზრდილი და მდიდრებს გახდის უფრო მდიდარს, ხოლო ღარიბებს დღესაც აკლებს შემოსავალს და მომავალშიც ისინი მცირე ამონაგებს მიიღებენ", - აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა.

თეო გუდავაძე

გაზეთი "რეზონანსი"