მეორად ბინებზე მოთხოვნა მცირდება - რა ღირს ძველი სახლები თბილისში

დედაქალაქში მეორად ბინებზე მოთხოვნა მცირდება, რაც ძირითადად ახალ მშენებლობებს უკავშირდება.

უძრავი ქონების სააგენტოს წარმომადგენლები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, რაც უფრო დიდი ფართობისაა ძველი აშენებული ბინა, მით უფრო რთულად იყიდება. უძრავი ქონების ბაზრის სპეციალისტების თქმით, მიუხედავად ამისა, თბილისის ისტორიულ ნაწილში მეორად ბინებზე მოთხოვნა მაინც მაღალია.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს თბილისში ძველი აშენებული ბინები.

უძრავი ქონების პორტალ SS.ge-დან გამოთხოვილი ინფორმაციით ვგებულობთ, რომ ძველი აშენებული ბინების ფასი ზოგიერთ შემთხვევაში ახალაშენებული ბინის თეთრი კარკასის ფასს უტოლდება.

საბურთალო - 880 დოლარი (საშუალო)

გლდანი - 550 დოლარი (საშუალო)

ვარკეთილი - 550 დოლარი (საშუალო)

დიდი დიღომი - 610 დოლარი (საშუალო)

დიღმის მასივი - 710 დოლარი (საშუალო)

ვაკე - 1000 დოლარი (საშუალო)

როგორც „საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის“ მმართველი საბჭოს წევრი და უძრავი ქონების კომპანია „ნოუბლ რიალ ისთეითის“ დირექტორი ვაჟა მებაღიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ძველ ბინებზე, გარდა ისტორიული ნაწილისა, მოთხოვნა მცირდება.

„მეორადი უძრავი ქონება სეგმენტურად განსხვავდება. პირობითად ძველ ქალაქში, რომელიც ტურისტულად ძალიან საინტერესოა, მოთხოვნა იზრდება და შესაბამისად, ფასიც ძალიან მაღალია და პირიქით, შეიძლება პირველად უძრავ ქონებას არც კი ჩამოუვარდებოდეს.

თუ ვსაუბრობთ უფრო ნაკლებ ფასიან და ბიუჯეტიან უძრავ ქონებაზე, მასზე მოთხოვნა ცხადია, კლებულობს. ამის მიზეზი ახალაშენებული სახლების კონკურენციაა. თუ დავაკვირდებით ტრანზაქციების თანაფარდობას, პირველად და მეორად უძრავ ქონებას შორის საკმაოდ დიდი სხვაობა გვაქვს, დაახლოებით 70-30-ზე. მაგალითად, ასეთი თანაფარდობაა ვერაზე და ვაკეში. ბინის მესაკუთრეებს საკუთარ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მაღალი მოლოდინი აქვთ, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ მიერ მოფიქრებული ფასი უტყუარია. ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ კონსულტაცია პროფესიონალ ბროკერებთან ან შემფასებლებთან გაიარონ.

როგორც წესი, ფასები რეალობას აცდენილია, ამიტომ ასეთი უძრავი ქონება საკმაოდ დიდხანს ვერ იყიდება“, - განაცხადა მებაღიშვილმა.

მისი თქმით, მეორად უძრავ ქონებას, რომელიც ისტორიულ ნაწილშია, ისეთი ხიბლი აქვს, რის გამოც მოთხოვნა ძალიან მაღალია, განსაკუთრებით უცხოელებში.

„ისტორიულ ნაწილში უძრავი ქონება მოთხოვნადია და თან ლიმიტირებული. უცხოელებს ძალიან დიდი ინტერესი აქვთ. აქ ჩამოსულ სტუმრებს, რომლებიც ისტორიული არქიტექტურით და შენობებით იხიბლებიან, სურვილი აქვთ, რომ ინვესტირება მოახდინონ. შესაბამისად, მათზე ფასიც მატულობს.

ინვესტირება ხდება სასტუმროს ტიპის პატარა ჰოსტელების მოწყობაზე. უცხოელის მსგავსად ადგილობრივიც ხშირად ცდილობს, რომ ასეთი უძრავი ქონება მოიპოვოს და ბიზნესად აქციოს.

გარდა ამისა, თბილისის ძველ უბანში მიწები ფაქტობრივად, არ არის, სწორედ ამიტომ იმ მეორად ქონებას იძენენ იმ მიზნით, რომ თუ ამორტიზირებულია, ანგრევენ და ახალ შენობებს აშენებენ. დაახლეობით ფასი მერყეობს 2000 დოლარიდან 4 000 დოლარამდე,“ - აღნიშნა მებაღიშვილმა.

ლიკა ამირაშვილი