ავტობანი რიკოთამდე 2018 წლამდე ვერ მივა

”სამუშაოების ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება პროექტის სირთულეზე”

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, რომელიც რიკოთამდე 2014 წლის ბოლოს უნდა მისულიყო, დიდი ჩამორჩენაა. როგორც ირკვევა, ამ გეგმას შესრულება 2018 წლამდე არ უწერია. ის კი არადა, წლევანდელი გეგმის შესრულებაც ეჭვქვეშაა, რასაც ადასტურებს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ათვისების გრაფიკიც. 7 თვეში მხოლოდ 131 მლნ ლარის გახარჯვა მოხერხდა.

ინფრასტრუქტურული პროექტების დაგვიანების მოტივი ახალი ტენდერების გამოცხადება გახდა. პრობლემა გაამწვავა რუისი-აგარის მონაკვეთის სირთულემაც. ახლა იგი უკვე დაძლეულია და ამ მონაკვეთზე აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

”პროექტის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება სირთულეზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით პროექტი შეიძლება დამთავრდეს 2 ან 2,5 წელიწადში; ანუ რიკოთის გვირაბამდე მისასვლელი გზის დასრულებას 2017-18 წელს ვვარაუდობთ”, - ამბობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუგზარ გასვიანი.

”აღნიშნული ავტობანი იწყება თბილისიდან და მთავრდება სარფთან, ასევე მეორე ნაწილია თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდი. მისი დასრულება 2015 წელს იყო დაგეგმილი. გეგმა ითვალისწინებდა, შემოვლით გზას ქობულეთთან, რომელიც ახლა დასრულებულია, თუმცა არ დაწყებულა ბათუმის შემოსავლელი გზის მშენებლობა. მიმაჩნია, რომ ავტობანის მშენებლობა ძალიან ნელი ტემპით მიდის. ჩვენ ქარელამდე ვიყავით მისული. 2013-14 წელს ეს გზა ხაშურის გვირაბამდე უნდა მისულიყო. მთელი ავტობანი 2015 წის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო”, - აცხადებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე ჯამბულ ბაკურაძე.

იგი დარწმუნებულია, რომ მშენებლობა 2015 წელსაც ვერ დასრულდება. ”ვერანაირად დასრულდება. დღევანდელი გადასახედიდან, ამ ვადაში მისი დამთავრება არარეალურად მიმაჩნია. ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ტენდერი თბილისი-რუსთავის გზაზეც. ეს ავტობანი წითელ ხიდამდე უნდა ჩასულიყო. მთლიანობაში ეს იქნებოდა წითელი ხიდიდან სარფამდე. რამდენადაც ვიცი, ამ მონაკვეთის მშენებლობა დაიწყეს, მაგრამ ეს უნდა დაწყებულიყო 2013 წლის დასაწყისში. მისი დასრულებაც 2015 წლის ბოლოს იყო დაგეგმილი”, - ამბობს ბაკურაძე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუგზარ გასვიანი ”ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ ამ ეტაპზე, რუისი-აგარის 19-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომლის დასრულება 2015 წლის ბოლოსთვის არის ნავარაუდევი. აქ, პრაქტიკულად, ხელოვნური ნაგებობები - კვანძები, ხიდების სამუშაოები - 70-80% შესრულებულია. ამჟამად, ეწყობა ბეტონის საფარი.

რაც შეეხება აგარის გაგრძელებას. აგარა-ზემო ოსიაურის 12-კილომეტრიან მონაკვეთზე უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება. ამჟამად, დასრულების პროცესშია მიწის გამოსყიდვის პროცესი, რათა სამუშაოების დაწყება გახდეს შესაძლებელი. შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლოდან დაიწყება. აღნიშნული კონტრაქტის ხანგრძლივობა არის 27 თვე. ძირითადი სამუშაოების დასრულება, კონტრაქტის პირობების შესაბამისად ნავარაუდებია 2016 წლისთვის. ეს არის მსოფლიო ბანკის სესხი და პროექტი მსოფლიო ბანკის რეგულაციებით ხორციელდება.

ამის შემდეგ, რიკოთამდე მისვლას დასჭირდება ზემო ოსიაური ჩუმათელეთის 15-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა. გასვიანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აღნიშნულ მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ოქტომბრიდან დეტალური პროექტები დაიწყება, რომლის დასრულება გაისად გაზაფხულზე იგეგმება.

”საქართველოში ჩამოსულია მსოფლიო ბანკის მისია და სწორედ, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობისთვის მომდევნო სესხის გამოყოფის საკითხი განიხილება. ბანკი სესხს გაზაფხულისთვის გამოყოფს და შესაბამისად, გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე. ესეც საკმაოდ რთული მონაკვეთია. გაისად, წლის ბოლოსთვის აქაც ვვარაუდობთ სამუშაოების დაწყებას”, - ამბობს ნუგზარ გასვიანი.

რაც შეეხება ავტომაგისტრალის მშენებლობის თავდაპირველ გეგმასთან ჩამორჩენას, გასვიანი აცხადებს, რომ ბანკის პროცედურებისა და არსებული სასესხო ხელშეკრულებების შესაბამისად არის გაწერილი ყველა საკითხი: ”სამუშაოების ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება პროექტის სირთულეზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით პროექტი შეიძლება დამთავრდეს 2 ან 2,5 წელიწადში; ანუ რიკოთის გვირაბამდე მისასვლელი გზის დასრულებას 2017-18 წელს ვვარაუდობთ”.

- ”ბიზნეს-რეზონანსი”: წლის ბოლომდე, რომელ მონაკვეთამდე გაიხსნება ავტომაგისტრალი?

- ნუგზარ გასვიანი: როგორც მოგახსენეთ, მიმდინარეობს სამუშაოები რუისი-აგარის მონაკვეთზე. სავარაუდოდ, წელს სადღაც ფრონის ხიდის მიდამოებამდე მოძრაობა გაიხსნება. გვაქვს გრაფიკი და იგი გაწერილია სასესხო ხელშეკრულებებში. სამშენებლო კონტრაქტებში არის მითითებული ზუსტად ის ვადები, რაზედაც ზემოთ ვისაუბრე. აგარა-რუისის მონაკვეთზე გარკვეული სირთულეები იყო, რომელიც ამ ეტაპზე სრულად დაძლეულია და სამუშაოები გრძელდება ჩვეულებრივ ტემპში.

რუისი-აგარის მონაკვეთზე კონტრაქტის ღირებულება 70 მილიონ ლარამდეა, ხოლო აგარიდან ზემო ოსიაურის მონაკვეთზე კონტრაქტის ღირებულება 105 მილიონ ლარს შეადგენს. გასვიანი ამბობს, რომ ეს თანხა კონტრაქტის ფარგლებში იქნება ათვისებული.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”