რამდენიმე მოქალაქეს უძრავ ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ

„კირნათი ჰესის“ მშენებლობის გამო, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.

„2011 წლის 1 ივლისს, საქართველოს მთავრობასა და შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, კომპანიას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე უნდა უზრუნველეყო ჰიდროელექტროსადგურების – „კირნათისა“ და „ხელვაჩაური 1” -ის (შემდგომში „ჰესები") მშენებლობა. ამასთან, „ხელვაჩაური 1 ჰესის“ მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება დასრულებულია. ამჟამად, მიმდინარეობს „კირნათი ჰესის“ პროექტის სრულად დასრულება,“-აღნიშნულია ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაში.

დოკუმენტის თანახმად, პროექტის ფარგლებში მოექცა მათ შორის რამდენიმე მოქალაქის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომელთანაც მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, უძრავი ქონების (მიწა, შენობა-ნაგებობა, მრავალწლიანი ნარგავები) ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.

კერძოდ, საუბარია, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მარადიდში - ევა, ზეინეფ, ნაილე, რამაზ, ფადიმე, ალი, ირაკლი, ირინე, მაგული, მაია, მალვინე და მელანო დიდმანიძეების; ნადია და ხევა დიასამიძეების; ვიტალი, თემურ, მაგული, მადონა და ნინო ჩერქეზიშვილების; მარო დიდმანიძის; დარიკო წითელაძის; მინდია და სანდრო მუთიძეების; დემეტრე დიდმანიძის; თეონა კალანდაძის; მარო, ნესტან, ნიკა, ნინო, ნუგზარ, ჯემალ, მურმან, ეთერ და გია დიდმანიძეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, კირნათი ჰესის საპროექტო ტერიტორიაზე ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გასაშვებად, დატბორვის არეალში ექცევა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, სააგენტომ ასევე უზრუნველყო მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებთან (თანამესაკუთრეებთან) შეტყობინებების გაგზავნა და საკომპენსაციო თანხების შეთავაზება. შესაბამისად, ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებთან მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების წარმოების ყველა რესურსი ამოწურა, თუმცა, სააგენტოს იმ მოქალაქეების უძრავ ქონების, რომელთანაც შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა.

თაია არდოტელი
მოქალაქეს უძრავ ქონებას სახელმწიფო იძულების წესით ჩამოართმევს