„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა.

აღნიშნულის შესახებ რეესტრში მონაცემები უკვე აისახა.

კერძოდ, სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერი - „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვის“ გადაწყვეტილებით, საბჭოს დატოვებს დავით შონია. როგორც რეესტრშია მითითებული, შონიამ წასვლის შესახებ კომპანიას თავად მიმართა.

შეგახსენებთ, რომ დავით შონია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე 2017 წლის ოქტომბერში აირჩიეს. როგორც ბანკის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, შონია 2012 წლიდან ფინანსური დირექტორის თანამდებობას იკავებს Hunnewell Partners Georgia-ში. მისი ძირითადი საქმიანობა სტაბილური ფულადი სახსრების მართვის პოლიტიკის და პროცედურების უზრუნველყოფაა. ასევე, ფინანსური რეპორტების ზედამხედველობა და კონტროლი.

ამასთან, ბანკის გვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, 2007-2011 წლებში ეკავა ფინანსური დირექტორის თანამდებობა და უძღვებოდა იმ კომპანიების ეფექტიანი ფინანსური სტრუქტურის მომზადება-ზედამხედველობას, რომელთა კონტროლსაც Salford-ი ახორციელებდა. გარდა ამისა, 2005-2007 წლებში ის იყო ტელეკომპანია „იმედის“ ფინანსური დირექტორი.

რეესტრის ბოლო მონაცემებით, „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე/წევრი - ირაკლი ოთარ რუხაძე, ხოლო წევრები დავით შონიას გარდა - მამუკა წერეთელი, მაგდა მაღრაძე და მურთაზ კიკორია არიან.

თაია არდოტელი