რკინიგზის თამაშრომლებმა გაფიცვა დაიწყეს

"საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლებმა დღეს, 10.00 საათზე, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაფიცვა დაიწყეს.

ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზის" ახალი პროფკავშირების თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე ავრცელებს. გიორგაძის ინფორმაციით, რკინიგზის თანამშრომლებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის სამართლიანი სახელფასო სისტემის შექმნა, სადაც სტაჟი და დამსახურება იქნება გათვალისწინებული, ასევე ახალი საპრემიო სისტემის შემოღება.

"საქართველოს რკინიგზის" ახალი პროფკავშირების თავმჯდომარის ინფორმაციით, ისინი პრობლემების მოსაგვარებლად შეხვედრებსაც მართავდნენ რკინიგზის დეპარტამენტთან, თუმცა უშედეგოდ. "რკინიგზის დეპარტამენტთან რამდენიმე ხანია მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა. სწორედ ამიტომ დაიწყება ეტაპობრივი გაფიცვა. 10 საათზე გაფიცვა დაიწყო სალოკომოტივო დეპოში, ასევე გაფიცვა დაიწყება თბილისის გარდა ხაშურში, სამტრედიასა და ბათუმში", - განაცხადა ვიტალი გიორაგაძემ.

როგორც გიორგაძე აცხადებს, რკინიგზის გაფიცულ თანამშრომლებზე ზეწოლა მიმდინარეობს, რათა ისინი არ შეუერთდნენ გაფიცვას. ვიტალი გიორაგაძის თქმით, ადმინისტრაციამ არ იცის, როგორ უნდა ელაპარაკოს რკინიგზის თანამშრომლებს. დღესვე განცხადება გაავრცელა "საქართველოს რკინიგზამ". მათი განცხადებით, რკინიგზა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და რკინიგზელების უმრავლესობა გაფიცვას არ აპირებს.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "საქართველოს რკინიგზაში" პროფკავშირების ერთ ჯგუფსა და მენეჯმენტს შორის თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. მათივე ინფორმაციით, დაფიქსირებული მოთხოვნების ცხრა პუნქტიდან "საქართველოს რკინიგზის" მენეჯმენტმა შვიდი დადებითად გადაჭრა, დარჩენილი ორი პუნქტიდან ერთი სასამართლო განხილვის საგანია, ხოლო დარჩენილ ერთ პუნქტზე ვერ მოხერხდა შეთანხმება.