ეკონომიკის სამინისტრომ სამი ახალი პროექტი წარადგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მთავრობას, სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში, სამი ახალი პროექტი წარუდგინა.

როგორც ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა, ორი პროექტი ინტენსიური მეფრინველეობის მიმართულების არის.

"ჯამში ამ მიმართულებით 60 სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო მზა პროდუქტის სახით წელიწადში, წელიწადნახევარში დაახლოებით 500 ტონა ქათმის ხორცს მივიღებთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი პროექტი, რომელიც განხორციელდება დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბადიჭალაში. გაკეთდება მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც გამოიმუშავებს ორთოპედიისთვის საჭირო ფირფიტებს, ასევე სპეციალურ ჭანჭიკებს. დღეს ორთოპედიული ფირფიტები მთლიანად იმპორტირებულია და, შესაბამისად, ეს იქნება იმპორტის ჩამნაცვლებელი საწარმო", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ორი დანარჩენი საწარმოც რეგიონში აშენდება - ერთი კასპში, ხოლო მეორე - თეთრიწყაროს რაიონში. სულ ამ პროექტებზე მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება.