2022 წელს მთავრობა 18.4 მილიარდის დახარჯვას გეგმავს - ბიუჯეტის პროექტი

2020 წელს მთავრობა 18.443 მლრდ ლარის დახარჯვას გეგმავს - ამის შესახებ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა. 2021 წლის გეგმის მიხედვით, წელს ბიუჯეტი 19 498 746 000 ლარს შედადგენს. ამასთან, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, გაისად მთავრობა 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, რის შედეგადაც მშპ-ის ზომა ნომინალურ 64.7 მილიარდ ლარამდე უნდა გაიზარდოს.

პროექტის მიხედვით, შრომის ანაზღაურებისთვის მომავალ წელს 1.653 მლრდ ლარი დაიხარჯება, რაც 2021 წელთან შედარებით 17.1 მლნ ლარით მეტია (2021 წელს 1.636 მლრდ ლარი). იზრდება მომუშავეთა რიცხოვნობაც, თუ წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული იყო 112 605 ადამიანი, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობა 112 712 ადამიანი იქნება.

რაც შეეხება უშუალოდ COVID-19-ის ვირუსის მართვას, ბიუჯეტში 500 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული, რაც წლევანდელთან შედარებით 310 მილიონით ნაკლებია.

ცნობისათვის, ეს არის 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომელიც შესაძლოა, დამტკიცებამდე დაკორექტირდეს.

სამინისტროების მიხედვით 18.443-მილიარდიანი ბიუჯეტიდან ასიგნებები ასე ნაწილდება:

  • ფინანსთა სამინისტრო - 93 მილიონი ლარი (2021 წელთან შედარებით ზრდა - 4.1 მილიონი ლარი)
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 741 მილიონი ლარი (2021 წელთან შედარებით ზრდა 98.2 მლნ ლარი)
  • ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 2 843 970 000 ლარი (2021 წელთან შედარებით ზრდა 387.3 მილიონი ლარი)
  • იუსტიციის სამინისტრო - 268.4 მილიონი ლარი (2021 წელთან შედარებით კლება 28.1 მილიონი ლარი)
  • დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 5.941 829 000 ლარი (2021 წელთან შედარებით კლება 151.1 მილიონი ლარი)
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს - 175.5 მილიონი ლარი (2021 წელთან შედარებით ზრდა 4.8 მილიონი ლარი)
  • თავდაცვის სამინისტრო - 918 მილიონი ლარი (2021 წელთან შედარებით კლება 12 მილიონი ლარი)
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - 800 მილიონი ლარი (2021 წელთან შედარებით ზრდა 20 მილიონი ლარი)
  • გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 577 მილიონი ლარი (2021 წელთან შედარებით კლება 51.5 მილიონი ლარი)
  • განათლების და მეცნიერების სამინისტრო - 1 637 495 000 ლარი (ზრდა 2021 წელთან 112.7 მილიონი ლარი)
  • კულტურის და სპორტის სამინისტრო - 343 მილიონი ლარი (2021 წელთან შედარებით კლება 8.6 მილიონი ლარი)

ელზა წიკლაური