რუსეთს გასულ თვეში ნავთობის ექსპორტიდან შემოსავალი 1,2 მლრდ დოლარით შეუმცირდა

რუსეთიდან ნავთობის ექსპორტის მთლიანი მოცულობა აგვისტოში, ივლისთან შედარებით, დღეში 220 000 ბარელით, 7,6 მლნ ბარელამდე გაიზარდა. თუმც ეს მოცულობა უკრაინის ომამდელ მაჩვენებელზე 390 000 ბარელით ნაკლებია. ამის შესახებ ენერგეტიკის საერთშორისო სააგენტოს (International Energy Agency-IEA) მორიგ ანგარიშში წერია.

სააგენტოს ექსპერტების მონაცემებით, ექსპორტის სავარაუდო შემოსავალი აგვისტოში 1,2 მლრდ დოლარით, 17,7 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც ბარელ ნედლ ნავთობზე მსოფლიო ფასების, თითქმის, 35 დოლარით დაცემას უკავშირდება.

ევროკავშირსა და დიდი ბრიტანეთში რუსული ნავთობის იმპორტი წლის დასაწყისიდან დღეში 880 ათასი ბარელით, 1,7 მლნ ბარელამდე შემცირდა, მაშინ, როცა ევროპული იმპორტი აშშ-დან დღეში 400 ათასი ბარელით გაიზარდა და 1,6 მლნ ბარელი შეადგინა. ევროკავშირისთვის ნავთობის მიწოდება, ასევე, გაზარდა ერაყმა, ნორვეგიამ, გაიანამ და საუდის არაბეთმა.

IEA წერს, რომ მართალია, რუსული ექსპორტის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა მისი უმსხვილესი კლიენტები ევროკავშირში, ჩინეთში, ინდოეთსა და თურქეთში ამჟამად მთლიანი მიწოდების 83%-ზე მეტს შეადგენენ, მაშინ, როცა გასულ წელს 70%-ზე მეტი იყო.

„თუმცა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე ევროკავშირის აკრძალვები, რომელიც 2023 წლის დეკემბერსა და თებერვალში შედის ძალაში, მსოფლიოს უმსხვილეს იმპორტიორ რეგიონს რუსული ნავთობის მყიდველების სიიდან ამოიღებს“, - ნათქვამია ანგრიშში.

ამასთან, G7-ის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის შემოღებაზე სექტემბრის დასაწყისში შეთანხმდნენ. შეზღუდვა ნედლი ნავთობისთვის მიმდინარე წლის 5 დეკემბრიდან, ხოლო ნავთობპროდუქტებისთვის 2023 წლის 5 თებერვლიდან ამოქმედდება. ზღვრული ფასის ოდენობა დეკემბერში განისაზღვრება, როცა რუსული ნავთობის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები შედის ძალაში. Bloomberg-ის წყაროების მიხედვით, საუბარია ბარელზე 40-60 დოლარზე.

IEA-ს მიხედვით, აგვისტოში რუსეთში ნავთობისა და კონდენსატის დღიური მოპოვება, ივლისთან შედარებით, 170 000 ბარელით შემცირდა და 10,96 მლნ ბარელი შეადგინა. სააგენტო ხაზს უსვამს, რომ ეს ნავთობის მოპოვების პირველი თვიური კლებაა აპრილის შემდეგ, როცა მან დღეში 900 000 ბარელს მიაღწია.

IEA სექტემბრიდან დეკემბრამდე რუსული მოპოვების თანდათანობით კლებას პროგნოზირებს, რაც ამ პერიოდში დღეში 10,2 მილიონ ბარელამდე დაეცემა. სააგენტომ ამას ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის საზღვაო იმპორტის აკრძალვას უკავშრებს, რაც 5 დეკემბრიდან შედის ძალაში. მიმდინარე წელს საშუალო დღიური წარმოება 10,9 მილიონი ბარელი იქნება, რაც, დაახლოებით, 2021 წლის დონეს, 10,87 მილიონ ბარელს გაუტოლდება. IEA-ს პროგნოზით, მომავალი წლის დასაწყისში წარმოება კიდევ უფრო ნაკლები, დღეში მხოლოდ 9,6 მილიონი ბარელი იქნება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ