ცოტნე ყავლაშვილი - აბსოლუტურად გაცნობიერებული მაქვს ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც გენერალურ აუდიტორად დამტკიცების შემთხვევაში დამეკისრება

აბსოლუტურად გაცნობიერებული მაქვს ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც დამტკიცების შემთხვევაში დამეკისრება - ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი და წარმატებული ინსტიტუტი კიდევ უფრო ეფექტიანი და წარმატებული იყოს,- ამის შესახებ ცოტნე ყავლაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი კანდიდატურა პარლამენტის თავმჯდომარემ გენერალური აუდიტორის პოსტზე ასარჩევად წარადგინა.

მან მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს ნდობისთვის და ფინანსთა სამინისტროს გუნდს, სადაც 16 წელი მუშაობდა.

"16 წელი გავატარე მე ამ სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე და საკმაოდ ემოციურია ჩემთვის ამ გუნდის დატოვების პერსპექტივა. ცალკე გამოვყოფ ხაზინას, რომლის უფროსიც გახლდით თითქმის 10 წელი და მადლობას გადავუხდი ხაზინის თითოეულ თანამშრომელს. ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ ქვეყნის ფისკალური მდგრადობისთვის, ასევე საბიუჯეტო სექტორში აღრიცხვიანობის მოწესრიგებისთვის და ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის,"- განაცხადა ყავლაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. ჯერ კიდევ მოქმედ გენერალურ აუდიტორს ირაკლი მექვაბიშვილს, რომელიც პარლამენტმა აღნიშნულ თანამდებობაზე 2017 წელს აირჩია, უფლებამოსილების 5 წლიანი ვადა 20 სექტემბერს ეწურება.