„გაზპრომის“ მიერ მოლდოვისთვის მიწოდების შეწყვეტით დნესტრისპირეთი გაზის გარეშე დარჩება

თუ „გაზპრომი“ მოლდოვას გაზის მიწოდებას ოქტომბრიდან შეუწყვეტს, დნესტრისპირეთი გაზის გარეშე დარჩება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცამ განაცხადა, რასაც Newsmaker ავრცელებს.

მისი თქმით, დნესტრისპირეთი მოლდოვის მიერ შეძენილ გაზს მხოლოდ წინასწარი გადახდით მიიღებს, ანუ რეგიონს მოუწევს, „მოლდოვაგაზის“ მიერ სხვა მიმწოდებლისგან შეძენილი გაზი მიიღოს. გავრილიცას ცნობით, „გაზპრომს“ ჯერ არ დაუზუსტებია, მიაწვდის თუ არა მოდლოვას გაზს 1-ლი ოქტომბრის შემდეგ და ამ ვადამდე მხოლოდ დავალიანების პრობლემის მოგვარებას ითხოვს, რის საპასუხოდაც კიშინოვმა კომპანიას ვადის გახანგრძლივება სთხოვა.

„ჩვენ „გაზპრომს“ მოვუწოდეთ, გაგვარკვიოს ბუნებრივი აირის მიწოდებასა და მოცულობაში, თუმცა ჯერ არაფერი უპასუხიათ. თუ გაზის შესყიდვა საერთაშორისო ბაზარზე ან პარტნიორებისგან მოგვიწია, მაშინ საფასური წინასწარ უნდა გადავიხადოთ, ხოლო დნესტრის მარცხენა სანაპიროზე წინასწარი გადახდის გარეშე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუძლებელი იქნება,“ - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

როგორც ცნობილია, დნესტრისპირეთი ისევე, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა სეპარატისული რეგიონები, რუსულ გაზს უსასყიდლოდ იღებს, რომლის ვალიც უგროვდება. კიშინოვი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა 1-ლი ოქტომბრის შემდეგ „გაზის ონკანი“გადაკეტოს, რასაც კომპანია „მოლდოვაგაზის“ ვალების აუდიტის არარსებობას უკავშირებს. საუბარია, რამდენიმე ძველ ვალზე, რომელიც, თითქოს, „მოლდოვაგაზს“ „გაზპრომისა“ და მისი ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის მიმართ აქვს. სავარაუდო თანხა მოლდოვის კი არა, მხოლოდ რუსეთის შეფასებას წარმოადგენს. კიშინოვი მრავალი წლის განმავლობაში აცხადებდა, რომ ამ ვალის ნაწილი „ჰაერიდან არის მოტანილი.“ აგვისტოში ქვეყანამ აუდიტორული კონტრაქტები ბრიტანულ და ნორვეგიულ კომპანიებთან გააფორმა, რომლის შედეგებიც 2023 წლის იანვრის ბოლოს გახდება ცნობილი.

ამასთან, მოლოდვა ალტერნატიულ გზებს ეძებს და გაზის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან აწარმოებს. ამის შესახებ პრეზიდენტ მაია სანდუმ გასულ კვირას TV8-ს განუცხადა.

„გაზის ალტერნატიული წყაროების პოვნა რთული არ არის, თუმცა გაზის შოვნა ხელმისაწვდომ ფასად ძნელია. მთავრობა მოლაპარაკებებს რუმინეთთან და აზერბაიჯანთან აწარმოებს. ტექნიკური თვალსაზრისით თავისუფლად შესაძლებელია, ამ გაზმა მოლდოვის ყველა რეგიონამდე მიაღწიოს, თუმცა ეს ყველაფერი ისევ და ისევ ფასზე არის დამოკიდებული,“ - აცხადებს პრეზიდენტი.

მოლდოვის ვიცე-პრემიერ ანდრეი სპინუს განცხადებით, ქვეყანა წელიწადში, დაახლოებით, 3 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს. მისი თქმით, „მოლდოვური მხარე დაინტერესბულია, გააფორმოს ხელშეკრულება წელიწადში 1-დან 3 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიღებაზე.“ ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ „მოლდოვას მხოლოდ 35 მილიონი კუბური მეტრი გაზის მარაგი აქვს, რაც ზამთარში, მაქსიმუმ, ათი დღისთვის იქნება საკმარისი.“

მოამზადა ლადო სულაბერიძემ