პოლონეთში ახალი არხი გაიხსნა

პოლონეთში სახომალდო მიმოსვლის ახალი, ვისლის არხი გაიხსნა, რომელიც, ქვეყნის მთავრობის შეფასებით, რეგიონში რუსეთის ფედერაციის დომინირებას წყვეტს. ინფორმაციას „პოლონური რადიო“ ავრცელებს.

იმის მიუხედავად, რომ არხი დაუმთავრებელია, ის 1939 წელს პოლონეთზე საბჭოთა თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით მაინც გაიხსნა, რასაც მთავრობა რუსეთზე ქვეყნის დამოკიდებულების უარყოფის სიმბოლოდ აფასებს. გახსნის ცერემონიას პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა და პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი ესწრებოდნენ.

პირველი გემები, რომლებიც ახალი წყალსადენის გავლით ბალტიის ზღვაში შევიდნენ, იყვნენ გდინის საზღვაო ფლოტის ფლაგმანი, 60 მეტრის სიგრძის, მრავალფუნქციური Zodiac II და სამაშველო გემი, Organ. ერთ-ერთ გემზე პრეზიდენტი იმყოფებოდა, რომელმაც სიტყვით გამოსვლის დროს არხის გახსნის სიმბოლურ თარიღს გაუსვა ხაზი. პოლონეთის მთავრობის მეთაურმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ ადრე პოლონეთის სანაპიროს ნაწილი რუსეთის გადაწყვეტილებებზე იყო დამოკიდებული, მაგრამ ახლა ეს შეიცვლება.

გდანსკის ყურედან ვისლის არხის გავლით პორტ ელბლონგამდე წყლის მთლიანი გზის სიგრძე, თითქმის, 23 კმ-ია, ხოლო არხის სიღრმე 5 მეტრი იქნება. ამასთან, ექსპერტები შიშობენ, რომ დაუმთავრებელი წყლის გზის გახსნა საფრთხეს შეუქმნის გემებს, რომლებიც მას გამოიყენებენ.

არხი ბალტიის ზღვას ვისლის ყურესთან აკავშირებს. ეს 100 მეტრამდე სიგრძის გემებს საშუალებას მისცემს, პოლონეთის პორტ ელბლონგში რუსეთის ტერიტორიული წყლების გვერდის ავლით შევიდნენ.

პოლონეთის მთავრობამ არხის მშენებლობის დაწყება 2019 წლის თებერვალში დააანონსა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ