ნოდარ ხადური: "ენერგოპრო ჯორჯიასთვის" თანხის დაკისრებას ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებასთან კავშირი არ აქვს

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიასთვის" თანხის გადახდის დაკისრება ჩვეულებრივი საგადასახადო ქეისია და მას ჩეხეთის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებასთან კავშირი არ აქვს.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. "არასწორია ასეთი განმარტება, რომ საქართველოს მთავრობა ვინმეს რამეს სთხოვდა. ეს არის ჩვეულებრივი საგადასახადო დავა. საქართველოს შემოსვლების სამსახურის აუდიტორებმა შეამოწმეს კომპანია. მას დაერიცხა გარკვეული თანხა. კომპანია ნაწილს დაეთანხმა, ხოლო ნაწილზე კი დავა დაიწყო. დავის პროცესი მიმდინარეობს. გასული კვირის ხუთშაბათს იყო ერთ-ერთი დავა, რომელსაც პირადად მეც ვესწრებოდი. ჩვენ ვთხოვეთ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რაღაც ნაწილში დავაკმაყოფილეთ კომპანიის მოთხვნები, რადგან ჩავთვალეთ, რომ სამართლიანი იყო. რაღაც ნაწილში კი არ დავეთანხმეთ. არის მე-3 ნაწილი, რომელზეც კომპანის ვთხოვეთ, რომ დამატებითი მტკიცებულებები წარმოადგინოს იმისა, რომ ეს თანხები მის საქმიანობას მოხმარდა. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ეს იქნება წარმოდგენილი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კომპანიამ გააგრძელოს ჩვეულ რეჟიმში ინვესტირება", - განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, არც ერთი წამით კომპანიის საქმიანობა არ ყოფილა შეფერხებული. ის ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და საკმაოდ საინტერესო საინვესტიციო წინადადებები აქვს. კითხვაზე - ამ მიზეზით, ხომ არ ჩაშალა ჩეხეთის პარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება, ხადურის თქმით, თავად კომპანიის წარმომადგენელი ასეთ კავშირს გამორიცხავს. "ეს არის ჩვეულებრივი საგადასახადო ე.წ. ქეისი, რომელის განხილვა ფინანსთა სამინისტროში მიმდინარეობს", - აღნიშნა ხადურმა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეხეთის პარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიციკაცია ჩეხურ კომპანია "ენერგო პრო-ჯორჯიასა" და საქართველოს სახელმწიფოს ფინანსური დავის გამო გადადო.

ტელეკომპანიის "რუსთავი 2" -ის ცნობით, ჩეხური პრესა წერს, რომ საუბარია 60 მილიონზე, რომელსაც "ენერგო-პროს" ქართული მხარე ედავება. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფომ ამ თანხის 70%-ზე უკვე უარი თქვა და ახლა დარჩენილ თანხაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომლის დასრულებასაც ჩეხეთის პარლამენტი ელოდება.