აფბა: ლარის კურსის განსაზღვრის წესი სპეკულაციური გარიგებების რისკს შეიცავს

,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" - აფბას პრეზიდენტის, ნოდარ ჭიჭინაძის განცხადებით, ბანკთაშორისი სავალუტო ბაზარი უცხოურ ვალუტაზე ეკონომიკის მოთხოვნა-მიწოდებას ადეკვატურად არ ასახავს.

მისივე შეფასებით, ლარის კურსის განსაზღვრის წესი სპეკულაციური გარიგებების რისკს შეიცავს. აფბა-ს ინფორმაციით, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე დადებული გარიგებების მიხედვით გაიანგარიშება. ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით, სწორედ ეს მექანიზმი შეიცავს სპეკულაციის რისკს. მათივე მოსაზრებით, ამის მაგალითია ლარის კურსის ბოლოდროინდელი მკვეთრი ცვლილებები, რაც, ჭიჭინაძის აზრით, ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს არა ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ ფაქტორებთან, არამედ სავალუტო ბაზარზე სპეკულაციებთან.

"როგორც აღინიშნა, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი გაიანგარიშება ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე დადებული გარიგებების შედეგად. აღნიშნული ბაზარი ძალიან მცირე მოცულობისაა და ამასთანავე, ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე ამინდს 4-5 ბანკი ქმნის, რის გამოც ბაზარზე არაფორმალური გავლენების მოხდენის ალბათობა საკმაოდ მაღალია. დღეს გვაქვს რეალობა, რომლის მიხედვითაც ბანკების გარიგებების მიხედვით გაანგარიშებული კურსი არის ერთგვარი მდგენელი მთელი დანარჩენი ეკონომიკისთვის, არადა ყოველწლიურად სავალუტო ბაზარზე 10 მილიარდ დოლარზე მეტი სავალუტო გარიგებები დგება, თუმცა ლარის კურსი მხოლოდ ბანკთაშორის სავალუტო ბაზრის გარიგებების მიხედვით დგება, რომელიც წლიურად 1 მილიარდ დოლარს არ აღემატება", - განაცხადა აფბას პრეზიდენტმა.

ნოდარ ჭიჭინაძის თქმით, 2014 წელს ბანკთაშორის ბაზარზე დადებულმა გარიგებებმა, ეროვნული ბანკის ინტერვენციების ჩათვლით 904 მილიონი დოლარი შეადგინა. ანუ ლარის კურსის განსაზღვრა სწორედ ამ მოცულობის გარიგებებით მოხდა, მაშინ, როდესაც მთლიანად სავალუტო ბაზარზე 2014 წელს 13 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის გარიგებები დაიდო. ,,ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ლარის კურსს განსაზღვრავს არა ბაზარი და ეკონომიკა, არამედ მხოლოდ ბანკები, თანაც მცირე მოცულობის გარიგებებით. ბანკები ერთმანეთში თვეში საშუალოდ 75 მილიონი დოლარით ვაჭრობენ, ამ ვაჭრობების შედეგად დგინდება ლარის კურსი და ამ კურსით შემდგომ ყოველთვიურად მილიარდ დოლარზე მეტი სავალუტო გარიგებები დგება. ხშირად ხდება არგუმენტად იმის მოყვანა, რომ ბანკები სავალუტო ბაზარზე კლიენტების მოთხოვნებს "ახმოვანებენ" და შესაბამისად უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა-მიწოდება განისაზღვრება ეკონომიკური აგენტების მოთხოვნილების მიხედვით, თუმცა, ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ლარის "ფასი" დგინდება ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე, რომელზეც მთლიანი სავალუტო ბაზრის გარიგებების მეათედზე ნაკლები მოდის", - განაცხადა ნოდარ ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, ყოველგვარ ლოგიკას სცდება არგუმენტი, რომ ლარის კურსის დადგენა ხდება ეკონომიკური აგენტების მხრიდან უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნით.  "იმის გათვალისწინებით, რომ ბანკთაშორისი სავალუტო ბაზრის მთლიანი ბრუნვის 70%-მდე მხოლოდ 5 ბანკზე მოდის, მაღალია იმის რისკი, რომ ადგილი ჰქონდეს სპეკულაციურ გარიგებებს. ბანკებს ხელში აქვთ ბერკეტი და შესაძლებლობა, რომ ყოველწიურად მილიარდამდე დოლარის გარიგებებით "შექმნან" ლარის გაცვლითი კურსი და შემდგომ ამ კურსით ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ჯამში 7 მილიარდამდე სავალუტო გარიგებები დადონ. "აფბას" შეფასებით, ეს სრულიად ასიმეტრიული სისტემაა და ბანკთაშორისი სავალუტო ბაზარი არ არის უცხოურ ვალუტაზე ეკონომიკის მოთხოვნა-მიწოდების ანარეკლი", - განაცხადა ნოდარ ჭიჭინაძემ.