ელევატორები გადავსებულია - რუსეთში არ იციან, მარცვლეული სად შეინახონ

რუსეთში მარცვლეულისა და ზეთოვანი კულტურების შესანახი სიმძლავრეების დეფიციტია, მაშინ, როცა წელს რეკორდულ მოსავალს მოელიან. ამის შესახებ „პარლამენტსკაია გაზეტასთან“ ინტერვიუს დროს სახელმწიფო სათათბიროს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ფერმერთა მეურნეობებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაციის (АККОР) პრეზიდენტმა, ვლადიმერ პლოტნიკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, „მარცვლეულით უკვე ყველა საწყობი გადავსებულია და იმის გამო, რომ მოსავალი ჭარბია, მარცვლეული ღია ფართობებზე ინახება. ამას ისიც ერთვის, რომ მიმდინარეობს მზესუმზირის მარცვლების აღება, რომლის შესანახი ადგილიც, პლოტნიკოვის თქმით, ამ ეტაპზე გაურკვეველია.

„უნდა დაჩქარდეს ახალი საცავებისა და ელევატორების მშენებლობა. უფრო მეტიც, მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეში ტექნიკის ლიზინგის მექანიზმი გამოვიყენოთ,“ - აცხადებს პლოტნიკოვი.

ის ერთ-ერთ გამოსავლად ექსპორტის გაზრდას მიიჩნევს. პლოტნიკოვი ამბობს, რომ კარგი მოსავლის ფონზე მარცვლეულის ექსპორტი შესაძლოა, 55-60 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.

„ჩვენი ქვეყანა მზად არის დიდი ექსპორტისთვის, თუმცა არსებობს ხელოვნური დაბრკოლებები, რაც ამას ხელს უშლის,“ - ამბობს დეპუტატი, რომელიც მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად საექსპორტო გადასახადს მიიჩნევს და მის გაუქმებას მოითხოვს.

ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 19 სექტემბრისთვის რუსეთში 97,3 მლნ ტონა საბუნკერო წონის ხორბალი არის აღებული, რაც გასული წლის ანალოგიური თარიღის მაჩვენებელზე, 71,9 მლნ ტონაზე 35,3%-ით მეტია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ