"ბათუმი თაუერზე" გამოცხადებული აუქციონი დღეს დასრულდება

"ბათუმი თაუერზე" გამოცხადებული აუქციონი დღეს დასრულდება.

"ბათუმი თაუერი" 25 მილიონ ამერიკულ დოლარად (56547500.00 ლარად) იყიდება. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აუქციონი 25 თებერვალს გამოცხადდა და დღეს, 11 მარტს, 17:00 საათზე დასრულდება. მოკლე აღწერილობაში ნათქვამია, რომ აუქციონზე გამოტანილია 4504.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N01/36 მშენებარე შენობა-ნაგებობა და ამავე შენობაზე განთავსებული მოძრავი ქონება, კერძოდ, ,,მიმოხილვის (სათვალთვალო) ბორბალი" და 740 კვ.მ გარე გამოყენების ლედ-მედია ეკრანი.

პირობების ჩამონათვალია: ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში 8 000 000 (რვა მილიონი) აშშ დოლარის გადახდა;

შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) აშშ დოლარის გადახდა;

შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში 20 000 000 (ოცი მილიონი) აშშ დოლარის გადახდა;

შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 (თვრამეტი) თვის ვადაში საპრივატიზებო საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდა.

საპრივატიზებო ქონების ბაზაზე სასტუმრო კომპლექსისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის (მათ შორის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე, გასართობი ობიექტები და სხვა) შექმნისათვის საჭირო შენობა-ნაგებობების მშენებლობის/რეკონსტრუქციის და მისი მოწყობა-აღჭურვის წარმოების პროცესში პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით უზრუნველყოს 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში.

"ბათუმი თაუერის" მშენებლობა 2012 წელს დასრულდა, სადაც ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნა იგეგმებოდა. 188 მეტრი სიმაღლის შენობა 35 სართულისგან შედგება. "ბათუმი თაუერი" საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში მოხვდა.