ბიზნესმენები ხანგრძლივ შემოწმებაზე ჩივიან

”შემოწმება რამდენიმე თვე იწელება, შემდეგ მიდის დავა და პროცესი ერთი წლის განმავლობაში არ სრულდება”

ბიზნესმენები შემოსავლების სამსახურის მხრიდან საქმიანობის ხელის შეშლაზე საუბრობენ. კერძოდ, თვეობით გაწელილი საგადასახადო შემოწმება, შემდეგ ხანგრძლივი სასამართლო დავა ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის. გარდა ამისა, გახშირებულია შემოწმების პროცესიც. შემოსავლების სამსახურში ამ ბრალდებებს უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ, რაც ალტერნატიული აუდიტის პროექტი დასრულდა, შემოწმების მასშტაბი შემცირდა.

”ჩვენთვის გაუგებარია ბრალდება გახშირებულ საგადასახადო შემოწმებასთან დაკაშვირებით, პირიქით, შემოწმების რაოდენობა შემცირებულია, ვინაიდან სამსახური გადაერთო რისკზე დაფუძნებულ აუდიტზე”, - განუცხადეს ”რეზონანსს”  შემოსავლების სამსახურში.

ბიზნესმენთა ასოციაციის საბაჟო-საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ლალაზაშვილს გახშირებულ შემოწმებაზე ინფორმაცია თავად ბიზნესმენებიდან აქვს, თუმცა უფრო დიდი პრობლემა პროცესის ხანგრძლივობაა. ”პრობლემა ის არის, რომ შემოწმების პროცესი ძალიან გახანგრძლივდა. ადრე თუ გვიან ყველა კომპანია შემოწმებას დაექვემდებარება და ამ საკითხზე პრეტენზიას არავინ გამოხატავს. ჩვენ გვინდა, რომ შემოწმების პროცესი დროულად დასრულდეს”, - ამბობს ზურაბ ლალაზაშვილი.

მისი აზრით, ფინანსთა სამინისტრომ ბიზნესის აუდიტთან დაკავშირებით მიდგომა უნდა შეცვალოს. შემოწმების პროცესი მაქსიმალურად უნდა შემცირდეს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში პრობლემა ექმნება როგორც ბიზნესს, ისე სახელმწიფოს განვითარებას.

”ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია შემოწმების ვადის შემცირება. მოკლე ვადაში შესაძლებელია რისკების ნახვა, რამაც შეიძლება დამატებითი გადასახადები ან საჯარიმო სანქციები გამოიწივოს. ეს არის თანამედროვე მიდგომა. რაღაც უნდა შეიცვალოს, გადამზადდნენ საგადასახადო სამსახურის თანამშრომლები, შეიძლება შემუშავდეს ახალი პროგრამული უზრუნველყოფა შემოწმებისას. კომპლექსური ღონისძიებების გატარება შესაძლებელია”, - აღნიშნავს ზურაბ ლალაზაშვილი და დასძენს, რომ შემოწმების პროცესი და დავის განხილვა მაქსიმუმ 2 თვემდე უნდა გაგრძელდეს.

ასოციაციაში აღიშნავენ, რომ ბიზნესმენები ასევე დიდ რესურსს ხარჯავენ შემოსავლების სამსახურისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად. გარდა ამისა, ბიზნესმენს არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რა დარღვევას ედავება სამსახური და შემოწმების გაწელილ პროცესში სრულ გაურკვევლობაში იმყოფება.

”შეიძლება ზოგიერთი კომპანიის შემოწმება რამდენიმე თვე გაიწელოს, შემდეგ მიდის დავა სხვადასხვა ინსტანციაში. საბოლოო ჯამში, პროცესი ერთი წლის განმავლობაში იწელება. ამასობაში კომპანია იმყოფება გაურკვეველ მდგომარეობაში, ბიზნესმენი ვერ ახერხებს დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას და წარმოების განვითარებას. შესაბამისად, თუკი შემოწმების პროცესის სწრაფად დასრულებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ამით იხეირებს როგორც ბიზნესი, ისე სახელმწიფო”, - აცხადებს ლალაზაშვილი.

საგადასახადო საკითხების სპეციალისტის ირაკლი შავიშვილის განცხადებით, საგადასახადო კოდექსში არის მუხლი, რომლის მიხედვითაც გასვლითი საგადასახადო შემოწმება მაქსიმუმ 5 თვე უნდა გაგრძელდეს. ამიტომ საგადასახადო ორგანოები კამერალურ შემოწმებას ნიშნავენ, რომელსაც ვადა არ გააჩნია.

”კამერალური შემოწმებისას გადამხდელებს უწევთ მთელი დოკუმენტაციის მიტანა საგადასახადო ორგანოში. კამერალურ შემოწმებას ვადა არ აქვს და ეს, ბუნებრივია, გადასახადის გადამხდელს პრობლემას უქმნის. ამიტომაც პროცესი ძალიან იწელება. შეიძლება გაგრძელდეს ერთი ან ორი წელი. ამ შემთხვევაში იწერება ბრძანება შემოწმების შეჩერების, შემდგე ისევ განახლების შესახებ და ასე გრძელდება უსასრულოდ. თუ რაიმე შეიცვლება, ეს იქნება ბიზნესის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი”, - ამბობს ირაკლი შავიშვილი.

გარდა ამისა, ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ კომპანიის შემოწმებისას საგადასახადო ორგანო როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური მიზეზებით მოქმედებს. ”ხშირ შემთხვევაში შემოწმების მიზანი არ არის მკაფიო. საგადასახადო ორგანო ამბობს, უბრალოდ, ვამოწმებ, შემთხვევით რამეს ხომ არ არღვევს, ანუ ინფორმაცია კონკრეტულ დარღვევასთან დაკავშირებით არ არსებობს”, - განმარტავს ირაკლი შავიშვილი.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”