დედაქალაქში ბინის ქირა წლიურად 80%-ით გაიზარდა - „მიგრანტების ახალი ნაკადი უძრავი ქონების ქირას კიდევ გააძვირებს“

თბილისის უძრავი ქონების ბაზრის უახლესი კვლევის თანახმად, აგვისტოში წლიურად დედაქალაქში ბინის დაქირავება თითქმის 80%-ით არის გაძვირებული. რაც შეეხება გასაყიდი უძრავი ქონების ფასს, თბილისში მისი ფასი წლიურად 26.5%-ით გაიზარდა და კვადრატული მეტრის საშუალო გასაყიდმა ფასმა 999 დოლარს მიაღწია - ამის შესახებ TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში წერია.

კვადრატული მეტრის საშუალო გასაყიდმა ფასმა 999 დოლარს მიაღწია. ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით ყველაზე მეტი უძრავი ქონება დიდ დიღომში, კრწანისსა და საბურთალოზე გაიყიდა. გაძვირებულია იჯარაც, რამაც წლიურად 60% შეადგინა.

კვლევითი ორგანიზაცია, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველოში გაზრდილ ნაკადებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს ქირის ფასს კიდევ მეტად გაზრდის.

„აქტიურად იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც რუსეთს ტოვებს. ძირითად მიმართულებებს თუ დავაკვირდებით გაყიდული ავიაბილეთების მიხედვით, არის თურქეთი და სომხეთი. სავარაუდოდ, ამ ადამიანების ნაწილი მაინც საქართველოში აღმოჩნდება. თითქმის შეუძლებელია თქმა, რა გავლენა ექნება ამას, თუმცა ქირაზე ზრდის მიმართულებით იმოქმედებს მომავალში“, - აცხადებს TBC Capital-ის მკვლევარი გიორგი მჟავანაძე.

თამარ მუკბანიანი