კახა კალაძე: "ენერგო-პროსთან" კითხვები ნორმალურია და ამას ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებასთან კავშირი არ აქვს

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, კომპანია "ენერგო-პროსთან" მიმართებაში ფინანსთა სამინისტროს კითხვები ნორმალურია და ამას ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებასთან კავშირი არ აქვს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. "ის, რომ "ენერგო-პროსთან" მიმართებაში ჰქონდა კითხვები ფინანსთა სამინისტროს, ეს ნორმალურია. ისინი ახორციელებენ კონკრეტული კომპანიების შესწავლას. ეს მათი მოვალეობაა და თუ რაიმე კანონდარღვევა აღმოაჩინეს, შეუძლიათ ითანამშრომლონ და თანამშრომლობენ კიდეც "ენერგო-პროსთან". "ენერგო-პროს" თუ მიაჩნია, რომ რაღაც დარიცხვა არასწორად იყო, ეს ჩვეულებრივი დავის საგანი იქნება და რაღაც შეთანხმება იქნება მიღწეული", - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ ამ დავას ჩეხეთის პარლამენტის მიერ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების გადადებასთან კავშირი არ აქვს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეხეთის პარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიციკაცია ჩეხურ კომპანია "ენერგო პრო -ჯორჯიასა" და საქართველოს სახელმწიფოს ფინანსური დავის გამო გადადო. არსებული ინფორმაციით, ჩეხური პრესა წერს, რომ საუბარია 60 მილიონზე, რომელსაც "ენერგო-პროს" ქართული მხარე ედავება. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფომ ამ თანხის 70%-ზე უკვე უარი თქვა და ახლა დარჩენილ თანხაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომლის დასრულებასაც ჩეხეთის პარლამენტი ელოდება.