ბრედ პიტმა კანის მოვლის ბრენდი Le Domaine ჩაუშვა

ამერიკელმა მსახიობმა, ბრედ პიტმა გენდერულად ნეიტრალური კანის მოვლის საკუთარი ბრენდი, Le Domaine ჩაუშვა. ამის შესახებ პიტმა British Vogue-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, კოსმეტიკის ხაზი ღვინის ქარხანა Château Beaucastel-თან კოლაბორაციით შეიქმნა, რომელიც საფრანგეთში, რონის ხეობის სამხრეთ ნაწილში მდებრეობს და პერინის ღვინის დინასტიას ეკუთვნის. ბრედ პიტი ამბობს, რომ Le Domaine-ის საშუალებათა უმეტესობის საფუძველში Château Beaucastel-ის ყურძნის მარცვლის, კანისა და ვაზის ექსტრაქტები არის მოქცეული, ხოლო პროდუქტის ფლაკონების თავსახურის დასამზადებლად ძველი ღვინის კასრები გამოიყენება.

ბრედ პიტის თქმით, მან გადაწყვიტა, Le Domaine-ის „სახე“ შეგნებულად არ ყოფილიყო, რადგან ცნობილი ადამიანების მიერ შექმნილი და მხარდაჭერილი კოსმეტიკური ხაზების ნიშა გადაჭარბებულია. მსახიობი ამბობს, რომ ბრენდს არ ჩაუშვებდა, ყურძნის შემცველი პროდუქტების გამოყენების შედეგად საკუთარი კანის ხარისხში რეალური ვიზუალური განსხვავება რომ არ დაენახა.

ახლახან ბრედ პიტის, როგორც მოქანდაკის დებიუტი ფინეთის ქალაქ ტამპერეში, სარა ჰილდენის ხელოვნების მუზეუმში გამართულ გამოფენაზე შედგა. ფინეთის გალერეაში ამჟამად პიტის ხელოვნების ცხრა ობიექტი არის გამოფენილი, რომლებიც, მსახიობის შეფასებით, „თვითანალიზის პროცესს ასახავენ“. ექსპონატებს შორის არის ქანდაკება, რომელიც წარმოადგენს გამჭვირვალე სილიკონში გაყინულ ტყვიებს, ასევე, ფართომასშტაბიანი მართკუთხა ბრინჯაოს არტ-ობიექტი ხელების, ფეხებისა და სახეების გამოსახულებით, რომლებიც ლითონის გარღვევას ცდილობენ და ხისგან დამზადებული სახლის მინიატურა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ