„ბევრი ამბობს, რომ აქ ოჯახური გარემოა“ - რა არის „გიუაანი მეღვინეობას“ წარმატების საიდუმლო

„ყველაფერი სიყვარულით დაიწყო. ტერიტორია, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, მე-19 საუკუნეში, ოჯახური ტრადიციით დაიწყო, როცა მიხაკო გიუაშვილი დაიბადა. მის საპატივსაცემოდ ჩაიყარა ქვევრები, სადაც ღვინო ყენდებოდა და ადგილობრივი მოთხოვნის შესაბამისად იყიდებოდა“ – „ბიზნეს პორტრეტის“ მორიგი სტუმარი მეღვინეობა „გიუაანის“ გაყიდვებისა და წარმოების ხელმძღვანელი, თორნიკე თუშიშვილი იყო.

„ეს ადგილები გაჯერებულია ღვინით და ღვინის სიყვარულით, ადამიანებით, რომლებიც ამ დარგში მოღვაწეობდნენ. ამის შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ ღვინის წარმოებას უფრო ფართე სახე მისცემოდა და შესაბამისად, დავიწყეთ ღვინის საწარმოს მშენებლობა 2010 წლიდან და 2014 წლიდან მივიღეთ საწარმოს დასრულებული სახე. ადგილობრივი ყურძნის ჯიშებისგან ვაწარმოებთ ღვინოს, რომელიც ადგილობრივ ბაზარზეც იყიდება და ექსპორტზეც გადის“.

რას მოიცავს „გიუაანის“ კომპლექსი და რას სთავაზობთ აქ მოსულ სტუმარს?

ეს საკმაოდ ფართო პროფილის კომპანიაა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, ჩვენი ღვინოები ხელმისაწვდომი ყოფილიყო რიგითი მომხმარებლისთვის. აქ მოსულ სტუმარს შეუძლია დააგემოვნოს ჩვენი ღვინო, მიიღოს მონაწილეობა რთველში, აქ არ არსებობს არანაირი დამალული ადგილი, წარმოების ნებისმიერ ეტაპზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი თვალით ნახოს ყველაფერი. რაც შეეხება გასართობს, სხვადასხვა მასტერ კლასებს ვთავაზობთ აქ მოსულებს - ჩურჩხელის ამოვლებას, არყის გამოხდას, ყურძნის დაწურვას საწნახელში, პურის გამოცხობას და სხვადასხვა გასტრო-ტურს.

გიუაანის ღვინო არაერთი ჯილდოს მფლობელია. რომელმა ღვინოებმა მოიპოვეს ჯილდო?

ჩვენმა არაერთმა ღვინომ მოიპოვა მსოფლიოს სხვადასხვა კონკურსების ჯილდოები. ძირითადად ეს იყო უმაღლესი ჯილდოები - ოქრო და ვერცხლი. ჩვენთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა კახური მწვანესგან დამზადებული თეთრი კლასიკური ღვინო „მანავი“, რადგან ახლაც მანავში ვიმყოფებით და ჩვენი ორიენტირიც უფრო აქეთ არის აღებული, რომ კახური მწვანესგან დავდოთ მაქსიმალური შედეგი.

მარანი ხასიათდება სამი ნიშნით - მცირე, საშუალო და დიდი. თქვენ რომელს მიეკუთვნებით?

ჩვენი კომპანია ამ ეტაპზე არის საშუალო წარმადობის. ეს განისაზღვრება წარმოებული პროდუქციის რაოდენობით, წელიწადში დაახლოებით 20-მდე სახეობის 400 000 ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ.

რა მარკეტინგულ აქტივობებს მიმართავთ, რათა სწორად მიაწოდოთ თქვენი პროდუქტი საზოგადოებას და ამ სფეროში თავი წარმატებულად დაიმკვიდროთ?

ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს მომხმარებელთან და ვცდილობთ, აქტიური უკუკავშირი გვქონდეს მათთან. მარკეტინგულ აქტივობებში ვიყენებთ ყველაფერს, რაც მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის გვჭირდება, რომ არ მოხდეს აცდენა ჩვენსა და მათ შორის. იმიტომ, რომ ღვინოს ჩვენ ვქმნით მათთვის.

ქართველი მომხმარებლის ყველაზე საყვარელი ღვინო რომელია?

ალბათ, უფრო ქვევრის ღვინო.

პირველადი სახსრების მოძიების პროცესი რომ მოგვიყვეთ. საიდან დაიწყო ყველაფერი?

საწყისი კაპიტალი არის სრულად ქართული. თავიდანვე ასე იყო და დღემდე ასეა. ეს არის ერთი კონკრეტული ოჯახის საკუთრებაში მყოფი ბიზნესი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ასევე გაგრძელდეს.

კადრების მხრივ რა მდგომარეობაა და რამდენი ადამიანისგან არის შემდგარი გუნდი?

დაწყების დღიდან, გუნდად ვინც ჩამოვყალიბდით, დღემდე ამ გუნდით მოვდივართ. ერთად გავიზარდეთ და ერთად ჩამოვყალიბდით პროფესიონალებად. საწარმოში 15-17 ადამიანი მუშაობს, მთლიანად „გიუაანში“ დაახლოებით 55 ადამიანი.

რამდენ ქვეყანაში გაგაქვთ ღვინო?

ეს არის რამდენიმე ევროპული ქვეყანა: იტალია, საბერძნეთი, გერმანია, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი, ბელგია. ამერიკის კონტინენტზე - შტატებსა და კანადაში, აზიაში - იაპონიაში.

უცხოელების აზრი აქაურობაზე როგორია?

აქ ძირითადად უცხოელები მოდიან. კომფორტულად გრძნობენ თავს, ხშირად უთქვამთ, რომ სხვაგან ასე არ ხდება და საწარმოო პროცესში ასე არავინ ჩაახედებთ. ბევრი ამბობს, რომ აქ ოჯახური გარემოა, რაც ძალიან გვახარებს. ამას ვცდილობთ ჩვენც ზუსტად.

ეკა დარჩიაშვილი