რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადი კიდევ 7.2%-ით შემცირდება

ჭარბი მოსავლისა და შემცირებული ექსპორტის გამო რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადი კლებას განაგრძობს. ამჯერად ის 7.2%-ით მცირდება, რაც ძალში 28 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით იქნება, ხოლო მიმდინარე კვირას, ანუ 21-28 სექტემბრის პერიოდში, 9,9%-ით შემცირებული გადასახადი მოქმედებს.

თუ ამჟამად საექსპორტო გადასახადი ტონა ხორბალზე 2668 რუბლს (45 დოლარს) შეადგენს, 28 სექტემბრიდან 2476,6 რუბლამდე (42 დოლარამდე) დაიწევს. ამასთან, ტონა ქერზე მიმდინარე 2353 რუბლის გადასახადი 2,152,6 რუბლამდე (40-დან 37 დოლარამდე), სიმინდზე კი 3696-დან 3,659,9 რუბლამდე (63-დან 62 დოლარამდე) შემცირდება.

გადასახადები საორიენტაციო ფასების მიხედვით გამოითვალა, რამაც ტონა ხორბალზე მიმდინარე კვირის 311,9 დოლარის ნაცვლად, 308,2 დოლარი, ქერზე კი 282,8-ის ნაცვლად, 281,8 დოლარი შეადგინა. სიმინდზე ფასი კვლავ იგივე, 317,6 დოლარი დარჩა.

6 ივლისიდან რუსეთში მარცვლეულის გადასახადი დოლარის ნაცვლად, რუბლებში გამოითვლება. 30 ივნისს მთავრობამ მიიღო დადგენილება გადასახადების რუბლებში გამოთვლის შესახებ. ხორბლის საექსპორტო გადასახადის გამოსათვლელად საბაზისო ფასი ტონაზე 15 ათასი რუბლით (250 დოლარით), ქერსა და სიმინდზე კი 13,875 ათასი რუბლით (230 დოლარით) განისაზღვრა. საექსპორტო გადასახადი საბაზისო და საორიენტაციო ფასებს შორის სხვაობის 70%-ს წარმოადგენს.

2 ივნისიდან რუსეთის ფედერაციამ მარცვლეულის დემპფერის მექანიზმი შემოიღო, რომელიც ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე მცურავ გადასახადებს, ხოლო მათგან მიღებული სახსრების სოფლის მეურნეობის მწარმოებლების სუბსიდირებისთვის ჩაბრუნებას ითვალისწინებს. გადასახადების ოდენობა ყოველკვირეულად ფასების ინდიკატორებით გამოითვლება, რაც მოსკოვის ბირჟაზე რეგისტრირებულ საექსპორტო კონტრაქტების ფასებს ეფუძნება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ