„სრულიად განსხვავებული ტექნოლოგიაა სუფრის ყურძნის მოყვანა“ - როგორ აპირებს Sartichala Vineyard Management იმპორტის ჩანაცვლებას

საქართველოში სუფრის ყურძნის იმპორტი პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა. საქსტატის მონაცემებით, მთლიანად 2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 1,086 მლნ დოლარის ღირებულების 1 171 ტონა ყურძნის იმპორტი განხორციელდა. როგორც Sartichala Vineyard Management-ის წარმომადგენელმა განაცხადა, კომპანია ცდილობს, პროდუქტი იმპორტირებულით ჩაანაცვლოს და ამისთვის სამაცივრე მეურნეობის გაშენებაც დაიწყეს.

„სრულიად განსხვავებული ტექნოლოგიაა სუფრის ყურძნის მოყვანა და ასევე განსხვავებული ჯიშებია. სწორედ ამიტომ ჩავრთეთ იტალიელი ექსპერტები, რომ საქართველოში ამისი გამოცდილება არ არსებობდა“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ Sartichala Vineyard Management-ის წარმომადგენელმა.

„მიუხედავად იმისა, რომ ყურძნის ქვეყანა გვაქვს, სუფრის ყურძელი ძალიან დაბალ დონეზე გვაქვს. ჩვენი მიზანია, ისევე განვავითაროთ, როგორც დანარჩენი ჯიშის ყურძნები და აღარ დასჭირდეს საქართველოს, 90% დამოკიდებული იყოს იმპორტზე. ამ პრობლემას ნაწილობრივ წელსაც ეშველება, რადგან ჩვენ, გარდა იმისა, რომ სამაცივრე მეურნეობას გავაშენეთ, შესაძლებლობა გვექნება შევინახოთ და არასეზონზეც გვქონდეს წვდომა, მოსახლეობას ადგილობრივი სუფრის ყურძენი მივაწოდოთ“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ იმპორტიორი ქვეყნები, რომლისგანაც 2022 წლის აგვისტოში საქართველომ ყურძენი იყიდა, არის: თურქეთი - 89,9 ათასი დოლარი (99,78 ტონა), სომხეთი - 10,2 ათასი დოლარი (11,51 ტონა), ნიდერლანდები - 4,47 ათასი დოლარი (1,48 ტონა).

ეკა დარჩიაშვილი