ფინეთმა შესაძლოა, რუსეთთან საზღვარი შეღობოს

ფინეთის სასაზღვრო დაცვა რუსეთთან სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარზე ღობის აღმართვას მოითხოვს. ამის შესახებ დეპარტამენტის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტ პასი კოსტამოვაარამ განაცხადა, რასაც ადგილობრივი მაუწყებელი, Yle ავრცელებს.

„ჩვენ გამოვთვალეთ, რომ ბარიერული ზღუდე, ანუ ღობე, ტექნიკური კონტროლი და შემოსასვლელი გზების მოწყობა ჩვენს სასაზღვრო კონტროლს ახლაც და განსაკუთრებით, არეულობის შემთხვევაში უფრო ეფექტურს გახდის,“ - აცხადებს პასი კოსტამოვაარა.

მისი თქმით, ამჟამად სასაზღვრო პუნქტებზე ვითარება მშვიდია, თუმცა რუსეთიდან ფინეთში მოგზაურობები ჩვეულებრივზე მეტია, ხოლო მომავალში იმიგრაცია შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს. უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ „თუ რუსეთი გასასვლელს გადაკეტავს, ეს სასაზღვრო პუნქტებზე დატვირთვას შეამსუბუქებს, თუმცა სახმელეთო საზღვრისკენ გამსვლელთა მოძრაობას გაააქტიურებს.“ ასეთ სიტუაციაში, პასი კოსტამოვაარას თქმით, ფიზიკური ბარიერი გახდება საჭირო.

მან ღობის შექმნა რამდენიმე ასეულ მილიონ ევროდ შეაფასა. ამ თანხაში არა მხოლოდ კედელი, არამედ ტექნიკური კონტროლისა და შემოსასვლელი გზების მოწყობა შედის, რაც მესაზღვრეებს საშუალებას მისცემს, საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემთხვევებზე სწრაფი რეაგირება მოახდინონ.

კოსტამოვაარას ცნობით, კედლის უმეტესი ნაწილის აშენება ფინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარზე იგეგმება. საპილოტე მშენებლობა შესაძლოა, მომავალ ზამთარსა და გაზაფხულზე დასრულდეს, მთლიანი ღობე კი ორ-სამ წელიწადში იქნება მზად. სასაზღვრო სამსახურის დასკვნაში ნათქვამია, რომ ფინეთსა და რუსეთს შორის 1300-კილომეტრიანი საზღვრის 10-20%, ანუ, დაახლოებით, 130-260 კმ შემოღობილი იქნება, რაც, სავარაუდოდ, 50 წელი იარსებებს.

ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრ კრისტა მიკონენმა განაცხადა, რომ მთავრობა საზღვრის შეღობვას „უახლოეს მომავალში“ განიხილავს. მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრ პეკა ჰავისტომ პირობა დადო, რომ ქვეყანაში რუსი ტურისტების შესვლა და შენგენის იმ ვიზებით ტრანზიტი აიკრძალებოდა, რომლებიც როგორც ფინეთის, ისე სხვა ქვეყნების მიერ უახლოეს დღეებში არის გაცემული.

ფინეთის სახმელეთო საზღვარზე რუსების ნაკადის მკვეთრი ზრდა რუსეთში ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ დაფიქსირდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ