დიდმა ბრიტანეთმა შესაძლოა, ვლადიმერ პუტინის ფინანსური საიდუმლოებები გაასაჯაროოს

დიდმა ბრიტანეთმა შესაძლოა, ვლადიმერ პუტინის ფინანსური საიდუმლოებები გაასაჯაროვოს.

ამის შესახებ გამოცემა "ტელეგრაფი" ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ფილიპ ჰამონდზე დაყრდნობით იტყობინება. როგორც ჰამონდმა განაცხადა, პუტინის და მისი გარშემომყოფების სიმდიდრის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება აუცილებელია. "პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ საინფორმაციო ომის ფარგლებში რუსეთის მმართველი ელიტის ფინანსური საიდუმლოებები შესაძლოა, ბრიტანეთმა გაასაჯაროვოს. ფილიპ ჰამონდმა განაცხადა, რომ მას მოსწონს რუსეთის პრეზიდენტის სიმდიდრის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების იდეა, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ქმედებებზე ერთგვარი პასუხი იქნება", - წერს "ტელეგრაფი".

პუტინის ქონების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა, "ტელეგრაფის" ცნობით, ის სავარაუდოდ ათობით მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ოფშორული ანგარიშების და ლონდონსა და ნიუ-იოკრში არსებული ქონების სახით არსებობს. ოფიციალური მონაცემებით კი, პუტინის ქონება წლიურად ხელფასის სახით 96,000 ფუნტია, ის ასევე ფლობს საცხოვრებელ ბინას და სამ ავტომობილს.