ირაკლი ქარსელაძე ინდოეთის ტრანსპორტისა და ჩქაროსნული მაგისტრალების სამინისტროს დელეგაციას შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მსოფლიო ბანკის ორგანიზებით საქართველოში ვიზიტით მყოფ, ინდოეთის ტრანსპორტისა და ჩქაროსნული მაგისტრალების სამინისტროს დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელეგაციას, რომლის ვიზიტი 26 სექტემბერს დაიწყო და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება, ინდოეთის ტრანსპორტისა და ჩქაროსნული მაგისტრალების მინისტრის მოადგილე, კამლეშ ჩათურვედი ხელმძღვანელობს.

„ვიზიტის მიზანია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარატმენტის გამოცდილების გაზიარება აქტივების მართვაში, უსაფრთხოების ინოვაციური პრაქტიკისა და კლიმატის მიმართ გზების მდგრადობის უზრუნველყოფის ტექნოლოგიების გამოყენებაში.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ინდოელ კოლეგებს იმ თანამედროვე სისტემებზე გაუზიარეს ინფორმაცია, რომელიც დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენება, როგორც პროექტების დაგეგმარების, ისე მათი განხორციელების პროცესში.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა და რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალისა და ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

დელეგაციის წევრებთან შეხვედრისას, ირაკლი ქარსელაძემ ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე, საერთაშორისო საავტომობილო მაგისტრალების განვითარების მიმართულებით არსებულ მიღწევებზე ისაუბრა და რთული რელიეფისა და კლიმატური ცვლილებების რისკების გათვალისწინებით, გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის მიმართულებით სამინისტროში დაგროვილ გამოცდილებაში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის როლი აღნიშნა.

თავის მხრივ, ინდურმა მხარემ მინისტრს ნაყოფიერი ვიზიტისათვის და საინტერესო და პრაქტიკაში გამოსაყენებელი ინფორმაციის გაზიარებისათვის მადლობა გადაუხადა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.