მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე, რომელიც ე.წ. ფულის გათეთრების ბრალდებას უკავშირდება, პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე, რომელიც ე.წ. ფულის გათეთრების ბრალდებას უკავშირდება, პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

როგორც საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნულ საქმეს არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა, რის შეცვლასაც ისინი ახლა სააპელაციო სასამართლოში ითხოვენ.

„დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ წარმოვთქვით დასკვნითი სიტყვა. კიდევ ერთხელ მიმოვიხილეთ საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის ბრალეულობას, როგორც თაღლითობის ნაწილში, ასევე, „ფულის გათეთრების“ ნაწილში. პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულყოფილად გაიზიარა ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, თუმცა, არასწორი შეფასება მისცა დანაშაულს კვალიფიკაციის ნაწილში და რა თქმა უნდა, ჩვენ დასკვნით სიტყვაში ვაპელირებდით იმაზე, რომ კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდებულები ცნობილი იქნენ დამნაშავედ უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში.

საქალაქო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დანაშაულის კვალიფიკაციას, როცა გადააკვალიფიცირა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია თაღლითობად. რა თქმა უნდა, თაღლითობა ხანდაზმულია, თუმცა, ვინაიდან ჩვენ მიგვაჩნია და ვამტკიცებთ, რომ ბრალდებულებს ჩადენილი აქვთ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, აღნიშნული დანაშაული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია და არ არის ხანდაზმული. შესაბამისად, მეორე ინსტანციის სასამართლოში ვითხოვთ, აღნიშნული კვალიფიკაცია შეიცვალოს, თაღლითობიდან ისევ გადაკვალიფიცირდეს „ფულის გათეთრებაზე“ და ცნობილი იქნენ დამნაშავედ.

ჩვენ არაერთხელ გავაჟღერეთ, რომ აღნიშნული ქმედებით ზიანი მიადგა ბანკს, ვინაიდან თაღლითური გზით მოხდა დაუფლება 16 მლნ აშშ დოლარის. აღნიშნული თანხა ბანკის საკუთრებაში უნდა ყოფილიყო, თუმცა, თაღლითური სქემის შედეგად, თანხა თაღლითურად მიისაკუთრეს ბრალდებულებმა“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.