რუსეთში ხილბოსტნეულის იმპორტზე გადასახდის განულებას მოითხოვენ

რუსეთის საცალო ვაჭრობის კომპანიების ასოციაცია („АКОРТ“) სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გარკვეული სახის ბოსტნეულის, ხილის, ზღვის პროდუქტების, თხილის, ყავისა და სხვა საქონლის იმპორტზე ნულოვანი გადასახადის დაწესებას მოითხოვს. ამის შესახებ ასოციაციის მიერ სამინისტროსადმი გაგზავნილ წერილში წერია, რომელიც „კომერსანტმა“ მოიპოვა.

„АКОРТ“ უბაჟო იმპორტის შემოღებას მიმიდნარე წლის ოქტომბრიდან 2023 წლის 31 მარტამდე ითხოვს. ასოციაციის პრეზიდიუმის თავმჯდომარე, იგორ კარავაევი მინისტრ დიმიტრი პატრუშევისგან ბოსტნეულზე, ხილზე, კრევეტებზე, ორაგულზე, კალმახზე, მიდიებზე, ზეითუნის ზეთზე, ზეთისხილზე, თხილზე, არაბიკა ყავასა და რობუსტაზე იმპორტის გადასახადის განულებას ჯერ კიდევ სექტემბერში მოითხოვდა. ამჟამად ამ პროდუქციის იმპორტზე 3%-დან 15%-მდე გადასახადი მოქმედებს. კარავაევის თქმით, აღნიშნული ინიციატივა მომხმარებლებისთვის პროდუქციის ღირებულების შეკავებას შეუწყობს ხელს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ „АКОРТ“-ის წინადადებას საბაჟო და სატარიფო რეგულირების ქვეკომიტეტი განიხილავს. თუმცა ვაშლის, მსხლის, ქლიავის, ალუბლისა და ატმის იმპორტზე გადასახადების განულებას სტავროპოლის მხარის მებაღეების ასოციაცია ეწინააღმდეგება. ასოციაციის თავმჯდომარე, აიდინ შირინოვი აცხადებს, რომ ვაშლის მოსავლის პერიოდში იმპორტი ბაზრის 65-75%-ს იკავებს, რაც „ადგილობრივი ხილის შესყიდვის ფასებს აგდებს და რუსი მიმწოდებლების ეკონომიკას ძირს უთხრის.“

ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის შემცირებაზე ხილბოსტნეულის ეროვნული კავშირის განცხადებაშიც არის ნათქვამი. კავშირში ამბობენ, რომ, მაგალითად, პომიდვრის მთავარ მიმწოდებლებს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და თურქმენეთს ეს პროდუქტი სათბურებში მინიმალური ხარჯით მოჰყავთ, რაც მათ პომიდორს რუსულზე იაფს ხდის.

თავის მხრივ, „გაზპრომბანკის“ უფროსი ანალიტიკოსის, მარატ იბრაგიმოვის შეფასებით, საგარეო ვაჭრობის ბარიერების შემცირება ფასების შემცირებასა და სურსათის ინფლაციის შეკავებას ხელს შეუწყობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ