კახა კალაძე "ენგურჰესთან" დაკავშირებით აფხაზური მხარის წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები – მინისტრი კახა კალაძე, მისი მოადგილეები - ილია ელოშვილი და მარიამ ვალიშვილი, ასევე, საქართველოს ენერგოსისტემის ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძე. აფხაზური მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ დე ფაქტო ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი ვიქტორ ხილჩევსკი, "ჩერნომორენერგოს" გენერალური დირექტორი ასლან ბასარია, ე.წ. დეპუტატი ახრა ბჟანია, გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსი თემურ ნადარია.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელმაც კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა, ენგურჰესის რეაბილიტაციის საკითხი იყო განხილული. ამასთან, ასლან ბასარიას თქმით, კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება. აფხაზური მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებები "ენგურჰესის" აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ მონაკვეთზე გაიმართა.