ნინო ლაცაბიძე - ბიზნესისა და პროფესიული სასწავლებლის მჭიდრო ურთიერთობა, რუსთაველებს ეფექტიანად დასაქმების შესაძლებლობას მისცემს

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქალაქში მოქმედი მსხვილი საწარმოებისა და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსში“ სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „მოდუსის“ სტუმრები სასწავლო პროცესს ადგილზე გაეცნენ და კოლეჯში არსებული სახელოსნოები დაათვალიერეს, რის შემდეგაც დირექტორმა ნინო ქავთარაძემ სასწავლო პროგრამების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარადგინა.

შეხვედრის მიზანი, ადგილობრივ ბიზნესსა და პროფესიულ კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის დამყარება და სტუდენტებისთვის, შემდგომი დასაქმების პერსპექტივის გაჩენა იყო.

„მუნიციპალიტეტი, დღეს ყველაფერს აკეთებს, რომ ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებით გააუმჯობესოს რუსთაველების ყოველდღიურობა და რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მიმზიდველი გახადოს ახალი ინვესტიციებისთვის, რაც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. ჩვენი პრიორიტეტი არის განათლება და ამ მიმართულებით ბიზნესთან ერთად კოლეჯ ,,მოდუსის“ შესაძლებლობებს ადგილზე გავეცანით. ბიზნესისა და პროფესიული სასწავლებლის მჭიდრო ურთიერთობა, რუსთაველებს ეფექტიანად დასაქმების შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

დეფიციტურ პროფესიებზე ორიენტირებული პროფესიული სასწავლებელი, ადგილობრივ ბიზნესისთვის კვალიფიციური კადრის შეძენის, სტუდენტებისთვის, კი დასაქმების რეალურ შესაძლებლობას იძლევა.

პროფესიული კოლეჯში 15 პროგრამა მუშაობს. სასწავლებლის სტუდენტებს, სამკერვალო წარმოების, კულინარიის, სანტექნიკის, თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქტორის, თმის სტილისტის, მებაღის, ტურისტული მეგზურის და სხვა პროფესიების დაუფლების საშუალება აქვთ.