ფრანგი მონადირეებისთვის ალკოჰოლის მიღება შესაძლოა, მძღოლების ნორმებს გაუთანაბრონ

ფრანგმა მონადირეებმა მკვეთრად გააკრიტიკეს ქვეყნის პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ნადირობის დროს ალკოჰოლის მიღებას კრძალავს და ჯარიმებს ითვალისწინებს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

მონადირეები ამბობენ, რომ კანონპროექტი მათი ხელობის „სტიგმატიზაციასა“ და დაცინვას ემსახურება. საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ, სენატმა ნადირობის წესების გამკაცრება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 2020 წლის დეკემბერში, იარაღის უყურადღებო მოპყრობის გამო, მონადირემ 25 წლის ბრიტანელი მოკლა. მკვლელი ამტკიცებდა, რომ ის დათვში აერია.

გამოცემის ცნობით, სენატორები ამ საკითხზე 100-ზე მეტჯერ შეიკრიბნენ და სანადიროდაც კი წავიდნენ, რომ უსაფრთხო ნადირობის უზრუნველყოფის პირობები, კერძოდ, ნებართვის მოპოვება-დადასტურება, სხვა ადამიანების სანადირო ზონაში მოხვედრა და წესების დარღვევისთვის ჯარიმები დაედგინათ. შეთავაზებული კანონპროექტი, რომელიც საფრანგეთის პარლამენტმა უნდა განიხილოს, მძღოლებისა და მონადირეებისთვის ალკოჰოლის მოხმარების ნორმების გათანაბრებას, ხოლო მათი დარღვევა ჯარიმებს ან ნებართვის ჩამორთმევას ითვალისწინებს.

სენატი აცხადებს, რომ ინიციატივა შემთხვევითი სიკვდილის ალბათობის შემცირებას ისახავს მიზნად. თუმცა, ამის მიუხედავად, მას 800 000 წევრისგან შემდგარი საფრანგეთის მონადირეთა ეროვნული ფედერაციისგან ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდა. ფედერაციას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც უჭერს მხარს, რომელმაც მანამდე ნადირობის ნებართვის ღირებულება შეამცირა და მონადირეებს „ეროვნული იდენტობის მატარებლები“ უწოდა.

მონადირეთა ფედერაციის ხელმძღვანელი, ვილი შრაენი ამბობს, რომ „მთვრალი კაცი ველოსიპედზეც საშიშია,“ მონადირეებს კი საზოგადოების წინაშე „მგზნებარე ალკოჰოლდამოკიდებულებად“ სახავენ, რაც მათთვის მეტად შეურაცხმყოფელია. შრაენის თქმით, მონადირეებისგან ალკოჰოლზე აღებული ტესტების 91% უარყოფითია.

კანონპროექტის ტექსტის ნაცვლად, ჯერ მხოლოდ ზოგადი რეკომენდაციები არის შედგენილი, რაც დოკუმენტში უნდა აისახოს და საფრანგეთის პარლამენტს განსახილველად წარედგენოს.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო წლებში საფრანგეთში ნადირობასთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების რაოდენობა შემცირდა: 2020-21 წლების ნადირობის სეზონზე ამ შემთხვევების რაოდენობა 80, მათ შორის შვიდი ლეტალური იყო, მაშინ, როცა წინა სეზონზე 141 უბედური შემთხვევა მოხდა, რომლიდანაც 11 სიკვდილით დასრულდა. ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ნადირობისას სიკვდილიანობის წილი 9%-ს შეადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ